სააპელაციომ ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის განაჩენი უცვლელი დატოვა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბს ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მედიას განუცხადეს, რომ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება, ხოლო თუ განაჩენი კვლავ ძალაში დარჩება, საქმეს სტრასბურგში წაიღებენ.


2020 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბს ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა ხანდაზმულობის გამო მათი სასჯელი გაუქმდა.

მოსამართლემ ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა და ფულის გათეთრების ნაცვლად (194-ე მუხლი) ისინი დამნაშავედ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში (180-ე მუხლი) ცნო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ორივე მხარემ გაასაჩივრა.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით. ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ ამ მუხლის გადაკვალიფიცირებას არ დაეთანხმა.

მსჯავრდებულების პოზიციით კი არანაირი დანაშაული არ მომხდარა, საქმეს დაზარალებული და მომჩივანი არ ჰყავს.