სააპელაციომ მზია ამაღლობელის 2-წლიანი სასჯელი უცვლელი დატოვა

პუბლიკა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის 2-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა.

ნიკოლოზ მარგველაშვილის, მარინა სირაძისა და ნანა ჯოხაძისგან დაკომპლექტებულმა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სრულად გაიზიარა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე. სახელმწიფო ბრალდება ამაღლობელის დამნაშავედ ცნობას მოითხოვდა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, ხოლო ადვოკატები – უდანაშაულოდ ცნობას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელები”/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 6 აგვისტოს მიუსაჯა.

მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელის წინააღმდეგობის მუხლით.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით. მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალად პოლიციელზე თავდასხმა დასდო.

ჟურნალისტი, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, 10 თვეა, პატიმრობაში იმყოფება.