სააპელაციომ „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ ეკა კვესიტაძის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, „მთავარი არხის“ წამყვანის, ეკა კვესიტაძის სარჩელი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-დან” მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა.

„რუსთავი 2-ს“ კი მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების, 13 000 ლარის, გადახდა დაეკისრა.

ეკა კვესიტაძე სარჩელით ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდას.

კვესიტაძის უფლებებს საია იცავდა. ორგანიზაციის განმარტებით, კვესიტაძის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად „მთავარ არხში“ მუშაობის გაგრძელება შეფასდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის კვესიტაძეს სამართლებრივ ბრძოლაში ბოლომდე დაუჭერს მხარს.

„რ2-დან უკანონოდ გამოგდებულ ეკა კვესიტაძეს დღეს სააპელაციო სასამართლომ იქით დააკისრა 12 000 ლარი რ2-ის სასარგებლოდ. ორივე ეპიზოდი არის ქვეყნის გამორჩეული კრიტიკული ხმის პოლიტიკური დევნა და მოითხოვს მკაფიო და ხისტ რეაქციას. პირადად მე, როგორც “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ ამ სამართლებრივი ძალადობის პირისპირ ეკა არ დარჩება მარტო და თუ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს უკანონო გადაწყვეტილებას, დაკისრებული თანხის ანაზღაურება ჟურნალისტს არ მოუწევს“, – დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.