სააპელაციოში მზიას საქმის განხილვა დაიწყო — პროკურატურა საქალაქოს გადაწვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს

პუბლიკა

დღეს, 11 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სააპელაციო საქმის განხილვა დაიწყო.

მზია ამაღლობელის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი, ხოლო კოლეგიაში შედიან მოსამართლეები – მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე.

პროკურატურა მოითხოვს, შეიცვალოს I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მზია ამაღლობელი დამნაშავედ იქნას ცნობილი პოლიციელზე თავდასხმაში და შესაბამისი სასჯელი განესაზღვროს. სასჯელის შეცვლას მოითხოვს დაცვის მხარეც, ოღონდ მათ სურთ, მზია უდანაშაულოდ იქნას ცნობილი და გათავისუფლდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელები”/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა 6 აგვისტოს მიუსაჯა.

მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელის წინააღმდეგობის მუხლით.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის ქმედება იყო არა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არამედ პოლიციელზე თავდასხმა და პირველი ინსტანციის სასამართლომ მზიას მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნა არასწორად განმარტა.

„ამ ორ კვალიფიკაციას შორის განსხვავება არის გარემოებებში, იმაში, თუ რა განზრახვა ჰქონდა ბრალდებულს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გარემოებები დაუსაბუთებლად შეაფასა მსჯავრდადებულის სასარგებლოდ. როცა მას დაუსვეს კითხვა ქმედებაზე, უპასუხა, რომ ეს იყო პასუხი მის მიმართ შეურაცხყოფაზე”. – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, მზია ამაღლობელის საქმეს დაერთოს საერთაშორისო ჯილდოები. საქმის მასალებს ასევე დაერთვება ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს მზია ამაღლობელის დაცვის მხარემ მიმართა.

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ჩამოთვალა ის საერთაშორისო ჯილდოები, რომლებიც მზიას მისი დაპატიმრების შემდეგ გადაეცა, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია.

ადვოკატებმა ამის არგუმენტად მოჰყავთ ის გარემოება, რომ ეს ჯილდოები მეტყველებს მზია ამაღლობელის პიროვნებაზე და ეს, ცხადია, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს.

პროკურორი თორნიკე გოგეშვილი არ დაეთანხმა ამ შუამდგომლობას და თქვა, რომ ის ჯილდოები, რომლებიც მზია ამაღლობელმა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ასევე სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მიიღო, არ არის რელევანტური მიმდინარე საქმისთვის.

ადვოკატმა პროცესზე ასევე ისაუბრა მზია ამაღლობელის მხედველობის მდგომარეობაზე. მზიას მხედველობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესებულია და ის პრაქტიკულად ვერ ხედავს.

ამავე დროს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა პირველი ინსტანციის მოსამართლე ნინო სახელაშვილის კვალიფიკაციის განხილვის შესახებ – მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა თქვა, რომ მისი აზრით, ყველა მისი კოლეგა, კვალიფიციური, განათლებული, დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეთიკურია, მათ შორის, ნინო სახელაშვილიც.

სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა ასევე იკითხეს, როდის დასრულდება მზიას ტელეფონის ექსპერტიზა – ტელეფონი მას დაკავების დროს ჩამოართვეს და ექსპერტიზა დანიშნეს. პროკურატურა კვლავ არ ამბობს, როდის დასრულდება ეს პროცესი.

მზია ამაღლობელის ტელეფონის ექპერტიზა დანიშნეს იმიტომ, რომ თავდაპირველად ბრალდების მხარე ავითარებდა თეორიას, თითქოს მზია ამაღლობელმა „უცხო ძალებისგან” ტელეფონის მეშვეობით მიიღო დავალება, სილა გაეწნა დგებუაძისთვის, მოგვიანებით ეს პასაჟი ბრალდებიდან ამოიღეს. დასაკითხთა სიიდან ამოიღეს ამ პატაკის შემდგენელი მოწმეც. თუმცა, ვინაიდან ტელეფონი უკვე გადაგზავნილი იყო ექპერტიზაზე, დარჩა კიდეც იქ უკვე თითქმის 9 თვეა.

“ძალიან მაინტერესებს ექსპერტიზის პასუხი, ვისგან ვიღებდი დავალებებს”. – თქვა მზია ამაღლობელმა.

სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის შემდეგი პროცესები 14 ნოემბერს, 14:00 საათზე და 18 ნოემბერს 13:00 საათზე დაინიშნა.