საარჩევნო კლიპში ლებანიძის ლექსის უნებართვოდ გამოყენების საქმე სასამართლომ ნათელაშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო კლიპში მურმან ლებანიძის ლექსის უნებართვოდ გამოყენების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

„ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ სასამართლოს მურმან ლებანიძის ლექსებზე საავტორო უფლების მქონე კომპანიამ, „GMI Rights Management-მა“ მიმართა და სხვისი საკუთრების უნებართვოდ გამოყენებისთვის ნათელაშვილისგან 50 000 ევროს კომპენსაცია მოითხოვა.

საუბარია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ კლიპზე, რომელშიც შალვა ნათელაშვილი კითხულობს მურმან ლებანიძის ლექსს, სახელწოდებით „მეშინია“.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეების დასანქცირებამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო.

„მოსამართლეთა დასანქცირების პირველი შედეგი სახეზეა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის დავალებით სასამართლოს უნდა დავეჯარიმებინე იმის გამო, რომ მე წარმოვთქვი პატრიოტული ლექსი სატელევიზიო რეკლამაში საქართველოს არდაცლა-არდატოვებაზე, ამ სანქცირების შემდეგ სასამართლომ ეს ვეღარ გარისკა. კიდევ ერთხელ მადლობა აშშ-ის ხელისუფლებას, რომ მან დაიწყო ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა“, – განუცხადა მან მედიას.

GMI Rights Management დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს. კომპანიის წარმომადგენელმა, ზურაბ ბეჟაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ მოსამართლემ არასწორად განმარტა „საავტორო უფლებების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლი და სწორედ ამ განმარტებას დაეყრდნო გადაწყვეტილების გამოტანისას.

„სასამართლომ გააკეთა ზეპირსიტყვიერი განმარტება და თქვა, რომ დაეყრდნო 23-ე მუხლს, რომლის თანახმადაცო, სასამართლომ ასე თქვა: დაშვებულია პოლიტიკურ მოხსენებაში სხვისი ნაწარმოების გამოყენება ლიცენზირების გარეშეო.

სინამდვილეში, 23-ე მუხლში ასეთი რამ საერთოდ არ წერია. ცალსახად შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ არაკანონიერი და უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ასეთი რამე არ წერია ამ მუხლში.

ერთადერთი, რაც წერია 23-ე მუხლში და რასაც სასამართლო უთითებს, არის ის, რომ პოლიტიკური მოხსენების გამოყენება საინფორმაციო საშუალებების მიერ არის დასაშვები. ანუ პოლიტიკური სუბიექტი რომ გამოვიდეს და პოლიტიკური განცხადება გააკეთოს, ამას რომ ჟურნალ-გაზეთები დაბეჭდავენ და ტელევიზია გააშუქებს, ეს დასაშვებია. ამაში გაიყვანა ის, რომ პოლიტიკურ რეკლამაში გამოიყენეს სხვისი ლექსი, რაც დაუშვებელია.

ფაქტობრივად, სასამართლო ამბობს, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, მიუხედავად სუბიექტის პოლიტიკური შეხედულებისა, ინტერესისა და დანიშნულებისა, ნებისმიერი ნაწარმოები შეუძლია, აიღოს და გამოიყენოს, რაც არაკანონიერი გადაწყვეტილებაა, ეწინააღმდეგება ჩვენს კანონს და ყველანაირ საერთაშორისო ნორმატიულ აქტს ამ სფეროში“, – განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა.

საავტორო უფლებების შესახებ კანონის 23-ე მუხლში აღნიშნულია:

„დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით:

ე) საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთ ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება;