საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციას პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი

პუბლიკა

76 მომხრე, 9 წინააღმდეგი – საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია „ოცნების პარლამენტში“ პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის განხილვისას გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ აქვს.

კანონად ქცევამდე კანონპროექტმა სამი მოსმენა უნდა გაიაროს. პაკეტი დაჩქარებულად არ განიხილება, შესაბამისად, მის საბოლოო მიღებას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რაც საარჩევნო კოდექსის ახალ რედაქციაში აისახება, ისაა რომ ემიგრანტები საზღვარგარეთ ხმის მიცემას ვეღარ შეძლებენ.

„ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს საზღვარგარეთ თავისუფალი ნების გამოვლენის ხელშეშლის პრევენციას“.

გარდა ამისა, ცვლილებების ინიციატორები ამტკიცებენ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქცია საჭიროებს რიგი საკითხების დაზუსტებას, დახვეწასა და გამარტივებას, რის გამოც პროექტით გათვალისწინებულია არაერთი ცვლილება, მათ შორის:

  • ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის – ახალ კოდექსში აღინიშნება, რომ ტარდება „საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში“, ნაცვლად ტერმინისა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“;
  • ზუსტდება ფოტოვიდეოგადაღების წესები –  კანონპროექტის თანახმად დგინდება, რომ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს ფოტოგადაღება შეუძლიათ აუდიომონიტორინგის გარეშე.
  • იცვლება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის ნორმა.
  • იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები, კერძოდ, კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს შესაბამისი პირების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას;
  • იცვლება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები – წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი;
  • იცვლება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-წარადგენს უპარტიო კანდიდატს.