საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 წინააღმდეგი იყო.
ამის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს კენჭი, რასაც მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დასაძლევად უმრავლესობის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
„ქართული ოცნების“ შეფასებით, ცესკოს ფორმირების წესი, რასაც პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილებას არ შეესაბამება.
პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. 5 მარტს მან პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება მას დაუბრუნდეს.
ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში შარშან შევიდა – პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.
ასევე, მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობდა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.
ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილე და აღჭურვილი იყოს სათანადო უფლებამოსილებებით.
რაც ეხება ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, ეს უფლებამოსილება განახორციელოს თავმჯდომარის იმ არაპარტიულმა მოადგილემ, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი, ცესკოში ოპოზიციის კვოტით დანიშნულმა მოადგილემ.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 20 თებერვალს მიიღეს.
კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება და ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობის გაუქმება.