პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს წარუდგინა.
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე პლენარულ სხდომას გადაეცემა.
ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო და საპარლამენტო უმრავლესობა მის დაძლევაზე უკვე შეთანხმდა.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება მას დაუბრუნდეს.
ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში შარშან შევიდა – პრეზიდენტის აღნიშნული უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.
ასევე, მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისათვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა, (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო თუ კანდიდატი ვერ მიიღებს 3/5 -ის უმრავლესობის ხმებს, 1/2 -ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეული იქნება 6 თვის ვადით.
ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილე და აღჭურვილი იყოს სათანადო უფლებამოსილებებით.
რაც ეხება ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების განხორციელებას, საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს პარლამენტს, ეს უფლებამოსილება განახორციელოს თავმჯდომარის იმ არაპარტიულმა მოადგილემ, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი, ცესკოში ოპოზიციის კვოტით დანიშნულმა მოადგილემ.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 20 თებერვალს მიიღეს.
კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით გათვალისწინებულია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება და ოპოზიციის კვოტით ცესკოს მოადგილის თანამდებობის გაუქმება.