საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას - ISFED

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მკვეთრად უარყოფითად აფასებს ცესკოსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ავტორობით საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით ინიცირებულ კანონპროექტს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებების ნაწილი აზრს უკარგავს არჩევნების შედეგების დროულად გამოცხადებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით აქამდე დადგენილ გამჭვირვალობისა და გაყალბების თავიდან აცილების მექანიზმებს და საფრთხის შემცველია დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის, კერძოდ:

1. საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ცესკოში არა პირდაპირ, არამედ საოლქო კომისიების მეშვეობით გადაიგზავნება.

2. ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვა არა სრულ საარჩევნო პერიოდზე, არამედ არჩევნების დანიშვნიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

3. იკრძალება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების დამკვირვებლად დანიშვნა. ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული შეზღუდვის მიზანი ბუნდოვანია და შეიცავს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის დამკვირვებელთა მობილიზების პროცესში ხელის შეშლის რისკებს.

„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ყველა ინიციატივა განიხილოს საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარის ჩართულობით და პროცესი წარმართოს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსის ფონზე.

ორგანიზაცია მოუწოდებს ცესკოს გაუფრთხილდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ავტორიტეტს, არ გადადგას ნაბიჯები, რაც გააუარესებს საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობის არსებულ სტანდარტებს, შეამცირებს ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და გაზრდის არჩევნების შედეგებით მანიპულაციის რისკებს.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.