საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა, ორდღიანი განხილვის შემდეგ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით, 95 ხმით დაუჭირა მხარი.

მომხსენებელმა, შალვა პაპუაშვილმა, პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში ასახულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტში წინა განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნების და მოსაზრებების ნაწილი უკვე აისახა.

რეფორმის შედეგად გაიზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი დაწესდება.

საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება 8+9 პარიტეტის პრინციპით. შემოღებული იქნება თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოზიცია, შემოღებულია საარჩევნო უბნებზე ას მეტრიანი რადიუსი და სანქციები 100 მეტრიანი რადიუსის წესების დარღვევისთვის;

გაფართოვდება საჯარო მოსამსახურეთა წრე; მოხდება ელექტრონული ტექნოლოგიების ასევე, უბნების 10%-ით შემთხვევითი გამოვლენის და მათი გადათვლის პრინციპის გამოყენება. აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ უბნის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და ოლქის მიერ შესწორების ოქმის მხოლოდ გადათვლის შედეგად შეცვლა.

განისაზღვრება უბნების სავალდებულო გადათვლის მკაფიო კრიტერიუმები: განისაზღვრება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის წესების დაცვის პასუხისმგებლობის პირი; გაიზრდება საჩივრების მიღების ვადები. შეიქმნება მინდობილობების რეესტრი. მოხდება საჩივრების ელექტრონული შეტანა, გასაჩივრდება სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმა. შეიქმნება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი დავებზე დაკვირვების და გადათვლებზე დაკვირვებისთვის.

„ჩვენ ვიმუშავეთ ცვლილებებზე რაც ქვეყანას უფრო უკეთეს საარჩევნო სისტემას მისცემს. ჩვენ, „ქართული ოცნება“ და სხვა ოპოზიცია, ვინც ამ ცვლილებებზე ვიმუშავეთ, ვართ დეპოლარიზაციის, გაერთიანების, სოლიდარობის მხარეს და მათ შორის, ამ სისტემის გაუმჯობესების მხარეს. მეორე მხარეს ხართ თქვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხართ პოლარიზაციის, გაყოფის, შუღლის და ღვარძლის მხარეს. ამ დღეებში განხილვისას ცხადად ჩანდა რა ხდებოდა აქამდე ოპოზიციაში, როგორ ცდილობდა ნაცმოძრაობა გადაებირებინა ოპოზიციის წარმომადგენლები და საბედნიეროდ, დღეს ეს აღარ მოხდება. თქვენ დარჩებით მარტო. აქამდე რაც იყო, დღეს, კენჭისყრის შემდეგ დაფიქსირდება ტაბლოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საკითხის ამოწურვის შემდეგ დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს პირველი მუხლის 30-ე და 43-ე პუნქტების გარეშე უყარეს კენჭი და 95 ხმით დაუჭირეს მხარი. რაც შეეხება აღნიშნულ პუნქტებს, მათი დაზუსტება მესამე მოსმენამდე მოხდება.