საარჩევნო მოდელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი არის 9 მარტი - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე საარჩევნო სისტემას და ოპოზიციისთვის შესათავაზებელი მოდელი განიხილეს.

მმართველი გუნდის ლიდერები ახალი შეთავაზების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია „ჩამკეტი ელემენტი“, რაც 40 ან 40%-ზე დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიას საშუალებას არ მისცემს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ აღნიშნული მოდელით მიღებული  შედეგი პროპორციული საარჩევნო სისტემის იდენტურია.

ირაკლი კობახიძემ პოლიტპატიმრების საკითხზე კი განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები საქართველოში არ არსებობენ.

არჩილ თალაკვაძემ კი შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და პარტიას, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს შეუშლის, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიზეზების ახსნა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაჩი ცვლილებებისთვის მაქსიმალური თეორიული დრო არის 9 მარტი.

„სხვა შემთხვევაში უკვე თეორიულადაც ვეღარ ვასწრებთ შესაბამისი ცვლილებების მიღებას და თუ ისინი არ წამოვლენ ამაზე, მაშინ მოუწევთ განმარტება მისცენ საზოგადოებას, რატომ თქვეს უარი რამდენიმეგვარ დაზღვევის მექანიზმზე, რომელიც გამორიცხავდა მათ წუხილს“, – განაცხადა მდინარაძემ.