საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია - შალვა პაპუაშვილი

პუბლიკა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეთანხმება მიღწეულია და ცესკოს თავმჯდომარეს ეყოლება ორი მოადგილე, მათგან ერთი იქნება ოპოზიციური პარტიების დანიშნული, ხოლო ერთი იქნება პროფესიული ნიშნით დანიშნული.

„ძირითადი საკითხი, რაც იყო, იცით, რომ იყო მოადგილის საკითხი, ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, ამაზე შევთანხმდით. იქნება ორი მოადგილე- პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული. ცესკოს თავმჯდომარე თუ ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული მოადგილე შეასრულებს. რაც შეეხება ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ამაზეც შევთანხმდით“, – განაცხადა მან. 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ იგეგმება შეხვედრა საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით.


კანონმდებლები უნდა შეთანხმებულიყვნენ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტზე, რომელსაც, როგორც ცნობილია, კენჭისყრამდე ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან შესაფასებლად.

საარჩევნო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საკითხია. შესაბამისად, შეთანხმების ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ ცდილობენ, კანონპროექტი შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის მედიაციით შედგენილ დოკუმენტთან და ასევე ის უნდა იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეუთანხმებელი იყო, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის საკითხი.

შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ ცესკო უნდა დაკომპლექტდეს 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრისგან, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე კი უნდა ყოფილიყო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

„ქართული ოცნების“ წევრებს მიაჩნდათ, რომ მოადგილედ პარტიული პირის დანიშვნა „სისტემაში სამართლებრივად არ ჯდებოდა“, რადგან ის ვერ იქნებოდა ნეიტრალური.