საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის 1-ლი შეხვედრა მიმდინარეობს

პუბლიკა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის 1-ლი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან, სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიწვეულნი არიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

„დღეს არის პირველი შეხვედრა მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწყებთ უკვე ამ საკითხებზე მუშაობას და მის ასახვას კანონმდებლობაში, ამიტომ, ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ პროცესით, არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლები მოწვეულები არიან დღევანდელ სხდომაზე და გავუზიარებთ ჩვენს ხედვას მემორანდუმში ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამ რეფორმაზე მუშაობის მთავარი მიზანია, შემუშავდეს ისეთი საარჩევნო პროცედურა და ადმინისტრაცია, რომელსაც ამომრჩეველი ენდობა. მისი თქმით, ამ ინიციატივამ, რომელმაც, შეთანხმების მიხედვით, 1 მაისამდე კანონის სახე უნდა მიიღოს, უნდა უზრუნველყოს ეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრებს თავის მოსაზრებას მმართველი პარტიაც გააცნობს, თუმცა, მისი თქმით, რეფორმა, ძირითადად, ხელმოწერილ მემორანდუმს დაეფუძნება.

„გარდა ამისა, ჩვენ გვინდა ვთხოვოთ სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომ წარმოადგინონ სხვა დამატებითი წინადადებები ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით, რომ შემჭიდროვებული ვადები გვაქვს, 1 მარტისთვის გვინდა, რომ პროექტი  წარვადგინოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.