ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) შსს-ს მიერ საარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ 30 სექტემბერს გამოცემული ბრძანება, „პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად”.
ბრძანების მიხედვით, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან „სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე”.
უწყების განმარტებით, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.
ბრძანების თანახმად, არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა, „სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის” პასუხისმგებელი ჯგუფები იქმნება:
- აჭარის;
- ქვემო ქართლის;
- შიდა ქართლის;
- მცხეთა-მთიანეთის;
- კახეთის;
- სამცხე-ჯავახეთის;
- იმერეთის;
- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის;
- გურიის;
- სამეგრელო-ზემო სვანეთის;
- თბილისის პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე.
დოკუმენტში განმარტებულია, თუ ვინ შედის ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში.
სწორედ ამ ჩამონათვალშია მითითებული, რომ შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი”.
გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილია.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ტერიტორიულ ჯგუფებს დააკომპლექტებს ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილი. მის გარდა, შემადგენლობაში შედიან:
- სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დირექტორი;
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი;
- ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი;
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი;
- და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი (საჭიროების შემთხვევაში).
მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიციელი (საპოლიციო ძალების წარმომადგენელი) ვალდებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. დაუშვებელია, პოლიციელის (საპოლიციო ძალების წარმომადგენელის) ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 16 სექტემბერს ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოქალაქეს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს” ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პირები დასანქცირდნენ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო.
ამასთან, ნათქვამია, რომ კანონის მიღებამდე გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების ძალადობრივი ქმედებების სამიზნეები იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წევრები – ამ ყველაფერს კი ხელმძღვანელობდნენ ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური.