სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე - თსუ-ის ადმინისტრაცია

პუბლიკა

თსუ-ის გვერდზე გამოქვეყნდა რექტორის ბრძანება, რომელიც სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრას ეხება.

ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სააუდიტორიო მეცადინეობები – 25 მაისი-27 ივნისის პერიოდში ჩატარდება.

თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, რექტორის ბრძანებაში აისახა პარლამენტის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ და სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

თსუ-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო პროცესების ვადები გაზაფხულის სემესტრში არ იცვლება და ის 27 ივნისს დასრულდება, რის შემდგომაც დაიწყება საგამოცდო პერიოდი.

„სააუდიტორიო და/ან ლაბორატორიული მეცადინეობების აღდგენის შემთხვევაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, ასევე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია“, – ნათქვამია განმარტებაში, რომელსაც თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.