საბა ბრაჭველი გრანტების კანონზე: ეს კანონი შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს

პუბლიკა

„გრანტების კანონში“ შესასტან ცვლილებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსლეში პოსტს აქვეყნებს იურისტი საბა ბრაჭველი.

2026 წლის 28 იანვარს „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ გრანტების შესახებ კანონში ახალი
ცვლილებები შევა.

ახალი ცვლილებებით, უფრო მეტად ფართოვდება „გრანტისა“ და სხვა ტერმინთა განმარტება და დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. აქამდე არსებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჩაანაცვლებს.

„როგორც იქნა, საინტერესო კანონპროექტი დაიდო პარლამენტის საიტზე, ამიტომ, რაც შეიძლება მოკლედ:

  1. ვისაც ამ დროისთვის რაიმე კონტრაქტი აქვს უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან; მისგან იღებს ფულს, ან ნებისმიერ სხვა სიკეთეს (ნეტფლიქსის პაროლს ან უფასო ექსელის კურსებს თუნდაც); მოუწევს, რომ შემდეგი კვირიდან 1 თვის ვადაში ეს ყველაფერი დაადეკლარიროს და მთავრობას ნებართვის მისაღებად მიმართოს, რომ ამ ბენეფიტით სარგებლობა გააგრძელოს.
  2. სანამ განმცხადებელი ნებართვას არ მიიღებს, იქამდე არც კონტრაქტის შესრულების, არც ფულის დახარჯვის, არც ნეტფლიქსის პაროლის გამოყენების უფლება არ ექნება. თუ გამოიყენებს – 6 წელი ციხე დაემუქრება.
  3. თუ პირველ პუნქტში მითითებული პირი გამოთქვამს ნებისმიერი სახის მოსაზრებას საზოგადოებრივ საკითხებზე, შესაძლებელი იქნება მისი პოლიტიკურ პარტიად შერაცხვა, რითიც მისი მთელი პერსონალური ინფორმაცია ყოველგვარ დაცულობას დაკარგავს და დამატებითი ვალდებულებები ექნება შესასრულებელი.
  4. გაერომ ვინმე გრაფიკული დიზაინერი რომ დააკონტრაქტოს, სტუდენტებითვის უფასო მასტერკლასის ჩასატარებლად, დიზაინერმა ჭკუა იხმაროს და ამაში ფული საერთოდ არ აიღოს, მაინც 6 წლით საციხოდ გაიხდის საქმეს დიზაინერიც, სტუდენტებიც და გაეროს თანამშრომელიც.
  5. საერთაშორისო ორგანიზაციებს (გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ა.შ.) აქამდე ერიდებოდნენ, გამონაკლისებს აძლევდნენ ე.წ. ფარადან და ა.შ. ახლა 6 წელი ციხე ემუქრებათ მათ თანამშრომლებსაც, თუ კობახიძეს არ შეუთანხმეს ნებისმიერი, თუნდაც უსასყიდლო კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან.
  6. მეტიც, სათაო ოფისი ქართულ ფილიალს რა თანხას გადმოურიცხავს, ამასაც წინასწარი ნებართვა დასჭირდება. მაგალითად, ადენაუერის ფონდი ქართულ წარმომადგენლობას რა წლიურ ბიუჯეტს დაუდგენს, ესეც კობახიძეს უნდა შეუთანხმონ.
  7. ექვსწლიანი სასჯელი (მძიმე დანაშაული) ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას უფლება ექნება, უკვე ლეგალურად მოუსმინოს ნებისმიერ პირს, რომელზეც პატაკში მხოლოდ ის იქნება მითითებული, რომ მას უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ პირთან რაღაც საქმიანობა აქვს. დამატებით, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ცალკე დანაშაულია, ამიტომ, მაგალითისთვის ორგანიზაციამ რამე თუ არ დაადეკლარირა, ცალკე ხელმძღვანელებს დაიჭერენ (გრანტების კანონის დარღვევის გამო), და ცალკე დანარჩენებს – შეუტყობინებლობის გამო
  8. ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან.

 

29 იანვარს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები დააინიცირა. ახალი ცვლილებებით, უფრო მეტად ფართოვდება „გრანტისა“ და სხვა ტერმინთა განმარტება და დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. აქამდე არსებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჩაანაცვლებს.

ცვლილებების მიხედვით, „გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე ამ კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირისთვის ან საქართველოს იურიდიული პირისათვის ფულადი ან ნატურალური ფორმითგადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.“

გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ ამ სახსრების მიმღები ამავე სახსრების გამცემისთვის ტექნიკურ დახმარებას ეწევა ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით;