კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას პარტიის განცხადება გაერთიანებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
„ტვ პირველის” ეთერში მან თქვა, რომ „პროცესი ჯერაც მიმდინარეობს პრეზიდენტის აქტიური მონაწილეობით”.
„ეს პროცესი დაიწყო, მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს პრეზიდენტის აქტიური მონაწილეობით და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა ეს განცხადება, რადგან გუშინდელი დღის მონაცემებით ჩვენ გვქონდა პრინციპულ საკითხებზე ერთგვარი შეთანხმება, არსებობდა ორივე მხრიდან ძალიან გასაგები მოლოდინები, „ლელოს“ შიგნით ამ მოლაპარაკებებს აქვს სრული მხარდაჭერა და ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას და გახარიას გუნდთან შეთანხმების მიღწევას აქვს სრული მხარდაჭერა „ლელოს“ შიგნით და ამაზე, არის კონსენსუსი ჩვენს გუნდში.
მეტიც, კოალიციის შიგნითაც არის დიდი კეთილგანწყობა, შემიძლია გავიხსენო იგივე ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმული საჯარო პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ასევე ამ შეთანხმებას და ის, რომ სადღაც ვიღაც წინააღმდეგია, ეს აბსოლუტურად არასწორი ფორმულირებაა საკითხის. ჩვენს კოალიციაში ამ შეთანხმების პრინციპული წინააღმდეგობა არავის აქვს”, – თქვა საბა ბუაძემ.
გახარიას პარტიისა და „ლელოს“ კოალიციის გაერთიანების შესახებ პირველი მოწოდება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 სექტემბერს გააკეთა და მხარეები სასაუბროდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მეორე დღეს, 17 სექტემბერს დაიბარა.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე პირისპირ შეხვდნენ. გახარია ამბობს, რომ მისი მხრიდან ყველაფერი ნათელია, თუმცა ხაზარაძემ თანაგუნდელებთან კონსულტაციისთვის დრო ითხოვა.
დღეს, 19 სექტემბერს გიორგი გახარიას პარტიამ განაცხადა, რომ „საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა”.
პარტიამ „საქართველოსთვის” ასევე თქვა, რომ „მათ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით”.
კოალიცია „ძლიერ საქართველოში“, „ლელოს“ გარდა, გაერთიანებული არიან: „თავისუფლების მოედანი“, ანა დოლიძის „ხალხისთვის“ და ალეკო ელისაშვილი.
გაერთიანებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები „თავისუფლების მოედანს” და ანა დოლიძეს ჰქონდათ.