საბა ბუაძე „ლელოს“ პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. განცხადება მოჰყვა „ლელო ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში.
პარტიის დატოვების შესახებ დაწერა თამუნა გიორგაძემაც. საბა ბუაძის თქმით, რიგითი წევრის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას მანამ, სანამ „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გათავისუფლდებიან.
„ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რადგან პარტიის პოზიცია უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:
1. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;
2. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე – მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ ლელოს პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი;
3. ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე!“ – წერს საბა ბუაძე.
რაც შეეხება თამუნა გიორგაძეს, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტოვებს „ლელოს“, რომლის დამფუძნებელი წევრიცაა.
„ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ოჯახიდან მივდიოდე, მაგრამ ვერ ვიქნები იმ პარტიის წევრი, რომელიც სინდისის პატიმრების, მათი ოჯახის წევრების და უწყვეტი პროტესტის დიდი ოჯახის პოზიციას უგულებელყოფს“, – წერს ის სოციალურ ქსელში.