საპროტესტო აქციაზე დაკავებულ საბა სხვიტარიძეს ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამი მუხლით, 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობასა და შეკრებისა და მანისფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას გულისხმობს. ადვოკატ ბექა კვინიკაძის განმარტებით, ეს საქმეები მოსამართლე ზვიად ცეკვავას დაეწერა, რომელმაც ისინი ერთად განიხილა.
ადმინისტრაციულ საქმეებზე წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 24 დეკემბერს გაიმართა, სხვიტარიძემ ისაუბრა როგორ დააკავეს ის:
„ჩოჩქოლიდან ერთ-ერთი პოლიციელი გამოვარდა, დამეტაკა და მესვრის ჩანთას. სრულიად გაურკვეველი იყო ჩემთვისაც რა მოხდა, საერთოდ ვერ ვხვდებოდი ეს პოლიციელი ჯერ რატომ დამეტაკა, შემდეგ ჩანთა საიდან ჰქონდა არ ვიცი, ზურგჩანთა მესროლა, ამ სროლას მოჰყვა უკვე უკნიდან დამიჭირა რამდენიმე პოლიციელმა და უკნიდან დაიწყო ჩემი ცემა. […] ეს ადამიანი რომ დამეტაკა და მესროლა ჩანთა, ამ დროს მოვარდა უკვე პოლიცია უკნიდან, მოვარდა რამდენიმე პოლიციელი, რომლებიც უბრალოდ თავში მირტყამდნენ, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ერთადერთი იმას ვყვიროდი, რომ რა გინდათ, გამიშვით, მეტი ვერაფერი ვერ ვიყვირე და უკვე ბოლოს ყელში მახრჩობდა ერთ-ერთი პოლიციელი“.
სხვიტარიძე ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პატიმრობაში იმყოფება. ის 5 დეკემბერს დააკავეს. მან ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც პოლიციის სამმართველოს შენობაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს აღწერს.