აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ საბა სხვიტარიძეს ბრალი შეუმსუბუქდა.
დღეს მისი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ სხვიტარიძეს ბრალი პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფიდან ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით გადაუკვალიფიცრდა.
სხვიტარიძეს ბრალად წარდგენილი ჰქონდა 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს პროკურორმა განაცხადა, რომ სხვიტარიძის ბრალდება შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
„პროკურატურა ყოველთვის ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით და ვინაიდან დადასტურდა, რომ შესაძლოა, ბრალდებულს უტყუარად არ სცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ობიექტური და სამართლებრივი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.
ბრალის გამოტანის საფუძველი არის დასაბუთებული ვარაუდი. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ხელმძღვანელობის დროს და რა თქმა უნდა, ახლაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ საბა სხვიტარიძემ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე იყო პოლიციელი, თუმცა როგორც მოგახსენეთ, დასკვნითი სიტყვების დროს, ასევე სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის დროს პროკურატურამ უნდა იხელმძღვანელოს უფრო მაღალი სტანდარტით. ესაა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. შესაბამისად, ვიხელმძღვანელეთ ამ სტანდარტით, გავითვალისწინეთ საქმეში არსებული ყველა გარემოება და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება.
…მოსამართლესთან კომუნიკაცია აკრძალულია და რა თქმა უნდა, არანაირი კომუნიკაცია არავის არ ჰქონია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან“, – განაცხადა სხვიტარიძის საქმის პროკურორმა.
ბრალდების მუხლის შეცვლის შემდეგ ადვოკატებმა საბა სხვიტარიძის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვეს. მოთხოვნა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ არ დააკმაყოფილა.
„ბრალდების მხარემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ შეცვალა კვალიფიკაცია. თავად პროკურორმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული მუხლი, იმის ნაცვლად, რომ საბა სხვიტარიძეს 11 წელი ჰქონოდა განსაზღვრული სასჯელად, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 6 თვიდან 3 წლამდე, ჯარიმას, შინაპატიმრობას და გამოსასწორებელ სამუშაოს სასჯელის სახით.
ჩვენი პოზიცია არ იყო მუხლის ცვლიელბა მხოლოდ. ჩვენი პოზიცია იყო, რომ საბა სხვიტარიძე აღნიშნულ ქმედებაში არის სრულიად უდანაშაულო და ის უნდა გამართლდეს, ესაა პოზიცია. არავის ეგონოს ის, რომ დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებით კმაყოფილი დარჩება. კმაყოფილებას გამოვთქვამთ, მაშინ, როცა სასამართლოში საბა სხვიტარიძის საქმე გამოცხადდება დაუსაბუთებლად და მოსამართლე გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს“, – განაცხადა საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა.
საბა სხვიტარიძის მომდევნო პროცესი 26 აგვისტოს, 11:00-ზე ჩაინიშნა.
დღევანდელ პროცესზე პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვა. მომდევნო პროცესი დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება.