საბა სხვიტარიძის პროცესს პოლიციელები ესწრებოდნენ, უკმაყოფილების შემდეგ მათ დარბაზი დატოვეს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბას სხვიტარიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ იწყებოდა, რადგან ხდომაზე დამსწრე პოლიციელებმა დარბაზში ადგილები დაიკავეს, რის გამოც ბრალდებულის ახლობლებსა და ოჯახის წევრების ნაწილს დასწრების საშუალება არ ეძლეოდათ.

როგორც ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლები იუწყებიან, სხდომაზე დასწრება, დაახლოებით, 7 პოლიციელს სურდა, რამაც ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი დარბაზში ყოფნა გააპროტესტა საბა სხვიტარიძემაც, რომელმაც თქვა, რომ დაუშვებელია, სხდომას ის პოლიციელები ესწრებოდნენ, რომლებიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„აი ეს პიროვნებები, ამ პოლიციელებმა სასამართლოდან წამიყვანეს და მე პროცესზე ვთქვი კიდეც, ამ ადამიანებმა მე სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ზოგ ადამიანს დასცინდნენ და არ შეესაბამება ადამიანების ჩემს პროცესზე ყოფნა. არ არის ჩემთვის ეს კომფორტული გარემო. ეს ადამიანები თვალებში მიყურებენ ურცხვად”, – განაცხადა საბა სხვიტარიძემ.

მოგვიანებით, მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა და მანდატურის სამსახურს მიმართა, ამ პერიოდის განმავლობაში პრობლემა აღმოეფხვრათ. დარბაზში ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ, დამსწრე პოლიციელებმა სასამართლო პროცესი დატოვეს.