საბაჟომ სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაცია გააუქმა - ფინანსთა მინისტრი

პუბლიკა

„2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საბაჟო ორგანოს მიერ, სანქციების დარღვევის რისკის მქონე 1000-ზე მეტი ოპერაციაა გაუქმებული, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას.

მისი განმარტებით, საუბარია სხვადასხვა ტიპის ოპერაციაზე, რომელიც მოიცავს, როგორც ექსპორტს, ისე რეექსპორტსა და ტრანზიტს.

„ძალიან ფართოა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის ოპერაციებიც იქნა შეჩერებული. ეს არ ეხება სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, რადგან ამას სჭირდება ნებართვა და ბუნებრივია, ამგვარი ტიპის ნებართვას სახელმწიფო არ გასცემს. ძირითადად, იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც სანქციების სიაშია.

ამ მიმართულებით, ძალიან მკაცრი კონტროლია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ემუშავება ბიზნესოპერატორებს, იმპორტიორებს, ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რათა წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია, რა არის სანქცირებული და რა არა. დაახლოებით, 500-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც მათ მიმართეს შემოსავლების სამსახურს და განემარტათ, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება. მკაცრი კონტროლი ეხება, როგორც ევროკავშირიდან წამოსულ საქონელს, რომელიც მიდიოდა რუსეთში და ასევე, პირიქით, საუბარია რუსეთიდან წამოსულ საქონელზე, რომელიც რუსეთიდან მიდიოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

შესაბამისად, ტრანზიტის ნაწილში სრულად ხდება ამ პროცესის კონტროლი. არის შემთხვევებიც, როდესაც გამომგზავნი ქვეყანა არ არის ევროკავშირის ქვეყანა, მაგრამ საქონელი არის ევროკავშირის ან აშშ-ის წარმოშობის და მისი გადაადგილება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. ბუნებრივია, წარმოშობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საქონელზეც ხორციელდება ცალკე კონტროლი. ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი რისკის პროფილია შექმნილი, რომლითაც ხდება ასეთი ტიპის საქონლის კონტროლი. ასევე, ცალკე რისკის პროფილია შემუშავებული უშუალოდ იმ პირებზე, რომლებიც შესულები არიან სანქციების სიაში და მათზე ხორციელდება ცალკე კონტროლი. ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომელიც უკვე საფინანსო სექტორში ახორციელებს ზედამხედველობას. შესაბამისად, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ხორციელდება, არის მკაცრად კონტროლირებადი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.