საბავშვო ბაღების მშენებლობის ფულის დაუფლების საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, ბრალდება წარუდგინეს საბავშვო ბაღების მშენებლობის ფულის მითვისების საქმეზე დაკავებულ „ლაგი კაპიტალის“ წარმომადგენლებს – ალექსანდრე და ბესიკ ბერძენიშვილებს.

მათ ბრალდება წარედგინათ მუხლებით, რომელიც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენებას.

გამოძიების ვერსიით, 2023 წლის თებერვლიდან გამოცხადდა ტენდერები ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირება/მშენებლობის თაობაზე. ამ ტენდერებში გასამარჯვებლად ბრალდებულებმა დაამზადეს და სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად კომპანიის სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა წარადგინეს.

უწყების ვერსიით, „ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა, ვითომდა ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად წინმსწრებად მოითხოვეს და მიიღეს ისე, რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი დამტკიცებული.

შედეგად, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მიზნობრიობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფონდისგან თაღლითურად დაეუფლნენ – 9 365 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებიათ.“

პროკურატურა წერს, რომ „თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულებმა 1 211 000 ლარი სრულად გადარიცხეს მათივე საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა გასაწევი მომსახურების ავანსის მიზნობრიობით, რაც შემდგომში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს, მათ შორის სესხების დასაფარად, რითაც საბოოლოდ მოახდინეს დანაშაულებრივად დაუფლებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალურ ფინანსურ სისტემაში გაშვება და ინტეგრირება.“

ბრალდების მუხლები სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს. ამისთვის უწყებას 24 საათი აქვს.