საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით დაგვაბრუნა წარსულში - ჯანეზაშვილი ქადაგიძის არჩევაზე

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც გახდა. მის არჩევას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილმა „პუბლიკასთან“ საუბარში განმარტა, რომ ნინო ქადაგიძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეცაა, საბჭოს თავმჯდომარე არ უნდა გამხდარიყო, რადგან საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებით განისაზღვრა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ავტომატურად იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე აღარ ხდება, ამ ცვლილების მიზანი კი, ჯანეზაშვილის თქმით, ძალაუფლების გადანაწილება იყო.

„საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ ცვლილება შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს თავად საბჭო მისივე შემადგენლობიდან, ოღონდ მოსამართლე წევრთაგან, 4 წლის ვადით ან იმ უფლებამოსილების ვადით, რაც მას აქვს დარჩენილი, როგორც საბჭოს წევრს. ეს ცვლილება მაშინ იმიტომ განხორციელდა, რომ საჭირო იყო ძალაუფლების, უფლებამოსილების გადანაწილება სხვადასხვა წევრში“, – უთხრა „პუბლიკას“ ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის განმარტებით, სანამ ეს ცვლილებები ამოქმედდებოდა, საქართველოში ასეთი წესი იყო: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ავტომატურად იყო საბჭოს თავმჯდომარეც და მას არჩევა არ სჭირდებოდა.

„სულისკვეთება ცვლილების იყო ის, რომ ძალაუფლება არ ყოფილიყო კონცენტრირებული ერთი ადამიანის ხელში, რაც წარსულში დიდი პრობლემა გახლდათ. დღეს რა მივიღეთ? საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით დაგვაბრუნა წარსულში, ანუ იმ დროში, როცა ერთი ადამიანი, მაგალითად გვენეტაძე, კუბლაშვილი… იყვნენ უზენაესი სასამართლოს და საბჭოს თავმჯდომარეც. ეს მიდგომა არის არასწორი და ვფიქრობ, იდეურად ეწინააღმდეგება კანონს.

საბჭოს წევრები, რა თქმა უნდა, გიპასუხებენ, რომ კანონით ეს აკრძალული არ არის და ასეცაა, მაგრამ კანონმა ეს შეცვალა და გამიჯნა ეს ორი თანამდებობა. ეს ნიშნავს იმას, რომ საბჭოს არჩევანი სხვაზე უნდა გაეკეთებინა. ნინო ქადაგიძე კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამ დრომდე საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, აცხადებს, რომ კანონმდებლობა არ კრძალავს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარედ რომელიმე ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას. მისი თქმით, ქადაგიძე საბჭოს მოსამართლე წევრების კონსესუსის შედეგად შეირჩა.

„ეს იყო, ფაქტობრივად, სრული კონსესუსი მოსამართლე წევრებს შორის, შესაბამისად, სხვა კანდიდატურა დაყენებული არ ყოფილა, არამოსამართლე წევრებს არ ჰქონიათ ასეთი კანდიდატურა შეთანხმებული.

კანონმდებოლის მიზანი, ის, რომ [სასამართლოს] თავმჯდომარე ყოფილიყო გამორიცხული, არ ყოფილა. არ არის გამორიცხული არც სხვა საქალაქო და სააპელაციო დონის თავმჯდომარის არჩევა, თუ ის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, არც კოლეგიის და პალატის. ამ შემთხვევაში კანონმდებლის ნება ეს არ ყოფილა, იმიტომ, რომ ამის ბევრი მაგალითი არსებობს და პირდაპირ ჩაიდებოდა გამორიცხვა [სასამართლოს] თავმჯდომარეების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე [დანიშვნის]“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ნინო ქადაგიძემ საბჭოს 13 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა. ქადაგიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილმა მისცა.


ნინო ქადაგიძე ერთ-ერთი იყო იმ 10-კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა. საზოგადოებისა და დეპუტატთა ნაწილის მწვავე პროტესტის შემდეგ კანდიდატმა, სიის სხვა წევრებთან ერთად, პარლამენტს მიმართა, არ განეხილათ მათი კანდიდატურები.

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო.

გაეცანით „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მომზადებულ ბროშურას ნინო ქადაგიძის შესახებ.