უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე დიდ ქალაქში, სკოლები, რომლებიც არჩევნების გამო დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული, ისევ ასე გააგრძელებს სწავლებას.
„1 500-მდე უბანი იყო მოწყობილი სკოლებში. აქედან გამომდინარე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმში და ამ სკოლებს კიდევ სჭირდებოდა რამდენიმე დღე არჩევნების შემდეგ, რათა განახლებულიყო სწავლა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში კვლავ გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და აქედან გამომდინარე, ასეულობით სკოლა იქნება საარჩევნო უბანი, აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ მივიღეთ დღეს საბჭოზე გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს:
თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში, გარდაბანში. აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში.
ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში. უმაღლესები და პროფსასწავლებლებიც იმ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, რა რეჟიმშიც მუშაობდნენ დღემდე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ასეთი რეჟიმი 1-დან მე-12 კლასების ჩათვლით, 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.
განათლების მინისტრმა, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ ამ ქალაქებში არსებული ყველა სკოლა (საჯაროც და კერძოც) სრულად გადავა დისტანციურ რეჟიმზე, შეზღუდვა არ ეხება მაინცდამაინც იმ სკოლებს, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული.