26 მაისს ჩაინიშნა მოსამართლეთა 29-ე, რიგგარეშე კონფერენცია, რომელზეც მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევენ.
უფლებამოსილება საბჭოს 4 მოსამართლე წევრს ეწურება. ესენი არიან: დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო, ირაკლი შენგელია და ვასილ მშვენიერაძე.
მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებას მხარს უჭერენ როგორც სამართლის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკოსები და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
დღეს, 20 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის საბჭოს შენობასთან ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათ პროცესის დროებით შეჩერება მოითხოვეს და მოუწოდეს პარლამენტს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს სასამართლო სისტემის რეფორმა. მათი თქმით, საკითხის შარლ მიშელის დოკუმენტში მოხვედრა მიუთითებს იმაზე, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა პრობლემურია. აღნიშნულზე ორგანიზაციებმა საერთო განცხადებაც გაავრცელეს.
„სასამართლო სისტემაში დაიწყო პროცესები, რომლებიც ემსახურება გავლენიანი ჯგუფების ინტერესების გაძლიერებას. ახლა გასდის ვადა რამდენიმე მოსამართლე წევრს. სამწუხაროდ, ჯერ არ დაწყებულა პოლიტიკურ ძალებში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე საუბარი და საკმაოდ დაგვიანებულიცაა, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ჯერ რეპუტაციის აღდგენა და მერე – შველა. ეს პოლიტიკური ძალების გარეშე ვერ გაკეთდება.
პირველ რიგში, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტში დაიწყონ ამაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე, გახსნან კარები ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც წლებია, ამ სისტემას აკვირდება.
ჩვენი მთავარი მოთხოვნა მიემართება პარლამენტს, იმიტომ რომ სასამართლო სისტემაში ყველაფერი გასაგებია, არის ჯგუფი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, გაიმტკიცოს ძალაუფლება“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელმა გიორგი გვილავამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ების მოთხოვნას იზიარებს ნაზი ჯანეზაშვილი. ის ემხრობა როგორც პროცესის დროებით შეჩერებას, ასევე საუბრობს სასამართლოს მასშტაბური რეფორმის აუცილებლობაზე.
„ნებისმიერი ინიციატივა, თუ რაიმე იქნება, რომ დროებით მაინც შეყოვნდეს პროცესი და განვითარდეს დადებითი პროცესები სასამართლოში, ამის მხარდამჭერი ვიქნები. გამოსავალი, ჩემი აზრით, არის დიდ საკონსტიტუციო ცვლილებებში. საქართველოში ისეთი მოდელი, როგორიც გვაქვს, საბჭოში არ მუშაობს და აუცილებელია, საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობაში მოვიდნენ კეთილსინდისიერი არამოსამართლე წევრები და მოსამართლე წევრები იყვნენ, მაგრამ უმცირესობაში. მათ ეს უმრავლესობა გამოიყენეს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა ჩინჩალაძის შპს-დ აქციეს“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.
მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს პარტია „ლელო“. დღეს საკითხზე ანა ნაცვლიშვილმა და კახა კოჟორიძემ პარლამენტში ისაუბრეს.
აღნიშნულ თემაზე დღეს განცხადება გაავრცელა „რესპუბლიკურმა პარტიამ“.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და მასშტაბურ სასამართლო რეფორმას ითვალისწინებს.
„დღეს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე, მოულოდნელ კონფერენციას ნიშნავს 26 მაისს და აპირებს 4 მოსამართლე წევრის ერთ დღეში არჩევას, რაც თავისთავად გულისხმობს სასამართლოში არსებული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერების გეგმას. საბჭოს სურს თავისი „მხარდამჭერები” და მათივე ინტერესების შეუპასუხებლად გამტარებელი ადამიანები შემოიკრიბოს და არ ელოდება პარლამენტის მიერ რეფორმაზე მუშაობის დაწყებას. რა თქმა უნდა, ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩქარობს, დაასწროს რეფორმის განხორციელებას და განამტკიცოს თავის გავლენები. ნათელია, რომ კლანი ვერ იცდის და არ სურს საბჭოს წევრების არჩევა იყოს ღია და გამჭვირვალე.
თავისთავად ეს ხელს აძლევს ქართულ ოცნებას, სასამართლო სისტემაში მათი გავლენების გასაძლიერებლად -მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის დახმარებით.
აუცილებელია შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაცია სასამართლო რეფორმის ნაწილშიც, საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესი უნდა მეტყველებდეს სასამართლო დამოუკიდებლობაზე და ნდობას აჩენდეს სასამართლო სისტემის მიმართ!“, – წერია განცხადებაში.
თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამბობენ, რომ მათ კანონმდებლობა ავალდებულებს, იმ მოსამართლეების ნაცვლად, ვისაც უფლებამოსილება ეწურება, აირჩიონ საბჭოს ახალი მოსამართლე წევრები.
რა წერია სასამართლო სისტემის რეფორმაზე შარლ მიშელის დოკუმენტში
ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:
- სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით;
ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს;
დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით. - ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.
- რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:
1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.
2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.
3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.
- პარტიები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ სასამართლო რეფორმა ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
ვადები:
1. ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.
2. პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.
3. პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.
4. პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.