„საბჭოს მოსამართლე წევრობის კანდიდატს უფლება ეძლევა, წარადგინოს თავისი ხედვა“ - უმრავლესობამ სასამართლო რეფორმა დააინიციირა

პუბლიკა

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილებებს წარუდგენს.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შედეგებზე და სასამართლოსთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.

უმჯობესდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი.

დგინდება შეზღუდვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმართული პროცესის ფარგლებში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება ეძლევა, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება.

დგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება, ასევე, შინაარსობრივი დაზუსტების, სამართლებრივი ტექნიკის, სისტემურობის, სტრუქტურული და რედაქციული თვალსაზრისით იხვეწება და უმჯობესდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მთელი რიგი ნორმები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ინიცირებისთვის დღესვე წარედგინება, ხოლო დაინიცირებული ცვლილებები დასკვნისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაეგზავნება.

ამ ორგანიზაციებიდან მიღებული დასკვნის შედეგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროექტზე მუშაობას უკვე საკომიტეტო განხილვის ფარგლებში დაიწყებს.

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატია, აცხადებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები რეალურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.