„საბედნიეროდ, ექსპონატები არ დაზიანებულა" - მუზეუმის თქმით, მოქალაქეები მალევე გაიყვანეს შენობიდან

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს გალერეაში აქციის მონაწილეების შესვლასა და იქ თავის შეფარებაზე.

მათი თქმით, საგამოფენო დარბაზში, სადაც ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენაა, ექსპონატები არ დაზიანებულა, ხოლო აქციის მონაწილეები მომდევნო რამდენიმე წუთში გაყვანეს.

„ეროვნული გალერეის ექსპონატების ნაწილი საცავებში იქნა გადატანილი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარი შეამტვრიეს და დაიკავეს გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენა. საბედნიეროდ, ექსპონატები არ დაზიანებულა, ხოლო აქციის მონაწილეები გაყვანილ იქნენ მომდევნო რამდენიმე წუთში საგამოფენო სივრციდან.

შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.

ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

„რადიო თავისუფლების” ცნობით, აქციის მონაწილეებმა შენობას თავი მას შემდეგ შეაფარა, რაც რუსთაველზე სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი ჩადგა.


მეორე დღეა თბილისში რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. სპეცრაზმი აქციებს ძალის გამოყენებით შლის, აკავებენ ათობით ადამიანს, იყენებენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს. მოქალაქეები პროტესტს არ წყვეტენ.

ფოტო: „რადიო თავისუფლება”