საბერძნეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, რომელმაც, შეჩერების მიუხედავად, რელიგიური მსახურება ჩაატარა, დააპატიმრეს.
„ევრონიუსის“ მიხედვით, მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელიც დააკავეს, პოლიციამ გააფრთხილა და მოგვიანებით გაათავისუფლა. სასულიერო პირს საბერძნეთის ხელისუფლებისა და ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება მოსთხოვეს.
მასობრივი შეკრებების მიმართ ზომები საბერძნეთის ხელისუფლებამ 12 მარტს, მას შემდეგ გაამკაცრა, რაც ახალი ვირუსით ქვეყანაში პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიკეტა სკოლები და სამსახურები, ხოლო 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა.
ორშაბათს კი საბერძნეთის ეკლესიამ, რომელსაც ხელისუფლებამ მასობრივი შეკრებები არ აუკრძალა, თავად გადაწყვიტა, შეეჩერებინა ისეთი რიტუალები, რომელიც ხალხის თავშეყრას გულისხმობს და ეკლესიები ღია მხოლოდ ცალკეული მლოცველებისთვის დაეტოვებინა.
საბერძნეთში ამჟამად კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანის ინფიცირებაა დადასტურებული, 13 მათგანი გარდაიცვალა.