საბერძნეთში ხანძრის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს - Reuters

პუბლიკა

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა, ქვეყანა ტყის ხანძარს ებრძვის, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters” საბერძნეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულები, სავარაუდოდ, მიგრანტები არიან.

„იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარე ტერიტორიებიდან გაუჩინარების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა, სავარაუდოა, რომ ესენი იყვნენ ქვეყანაში არალეგალურად შემოსული ადამიანები“, – აცხადებენ სახანძრო სამსახურში.

ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს. Reuters-ის ცნობით, საბერძნეთის რეგიონი, სადაც ცხედრები იპოვეს, თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალ მიგრანტებში პოპულარული მარშრუტია.

19-20 აგვისტოდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ხანძრის ათობით  კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით მცხოვრები ევაკუირებულია.

ხანძარს ებძრვიან თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისის მიმდებარე ტერიტორიებზე; ხანძრის კერებია ცენტრალური საბერძნეთის კუნძულ ევიასა და ბეოტიაზეც, ისევე როგორც აღმოსავლეთ როდოპის რეგიონსა და ჩრდილოეთის ქალაქ კავალაში.

დღეს საბერძნეთში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა და იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის შესახებ გააფრთხილა.