საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

პუბლიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, საბერძნეთში, უბედური შემთხვევის შედეგად ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ერთი მეზღვაური სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, ხოლო მეორე მეზღვაური ასევე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაზიანდა ქართველი მეზღვაური. მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, General Hospital of Ioannina G. Hatzikosta, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

26 ოქტომბერს, ამავე გემზე, პირველადი ინფორმაციით, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც 2 ნოემბერს გადმოასვენეს საქართველოში.

აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. ამასთან, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ”, – განაცხადეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.