საბოლოო წარმატება იქნება მაშინ, თუ გახსნის შემდეგ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ - ცერცვაძე

პუბლიკა

„ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს არ არის საბოლოო წარმატება. ეს არის ეტაპური, ამ მომენტისთვის წარმატება. ჩვენ ვდგავართ ახლა კრიტიკულ გზაგასაყარზე“, – თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში დაიწყო შეზღუდვების მოხსნა, რეგულაციების შემსუბუქება და ქვეყანა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, თან ისე, რომ არ აქვს ვირუსის ფართო გავრცელება. თუმცა, მისივე თქმით, საბოლოო წარმატება მაშინ იქნება, თუკი კორონავირუსის გავრცელება ქვეყანაში არც „გახსნის“ შემდეგ მოიმატებს.

„11 მაისიდან გაიხსნება დიდი ქალაქები. მანქანების მოძრაობა აღდგენილია. გარკვეული აქტივობები აღდგენილია. მოხდება ეტაპობრივი აღდგენა. გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა, რამდენადაც ვიცი.

რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა, სასტუმროების ამოქმედება. ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და, რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე, როდესაც არ არის საფრთხე, რომ ამას ვაკეთებთ განწირულობიდან გამომდინარე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს და მაინც აკეთებს ამას, რადგან სხვა გზა არ აქვს.

მაგრამ მთავარია, რომ წარმატებად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გავიხსნებით და ეს მოხდება რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში და შევინარჩუნებთ ამ მდგომარეობას, აი, ეს იქნება წარმატება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.