საბოლოოდ განისაზღვროს რეგულაციები, რომლითაც საქმიანობის განახლება შეგვეძლება- კლუბების, ფესტივალების და ბარების განცხადება

პუბლიკა

კლუბების, ფესტივალებისა და ბარების ხელმღვანელები საერთო განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ სახელმწიფოსგან არ მიუღიათ ფინანსური დახმარება და საქმიანობის შეზღუდვის გაგრძელების შემთხვევაში რიგი დაწესებულებები გაქრობის წინაშე აღმოჩნდებიან, ათასობით თანამშრომელს კი ემუქრება სამსახურების დაკარგვა, რაც კიდევ უფრო დამძიმებს სოციალურ ფონს.

„როგორც მოგეხსენებათ, 13 ივლისს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების აკრძალვაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ ელექტრონული მუსიკის საღამოები კულტურულ ღონისძიების ნაცვლად მიიჩნია, როგორც გასართობი ღონისძიება და ამის გამო 17 და 18 ივლისს, თბილისის მასშტაბით ღია სივრცეებში ჩატარებული რეიდის დროს, ელექტრონული მუსიკის საღამოები 10000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმდა.

დღევანდელი მოცემულობით: ვინც ერთხელ უკვე დაჯარიმებულია 10 000 ლარად, განმეორებით ანალოგიური მოქმედების შემთხვევაში მისი მოქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. სასჯელად კი მათ შორის მითითებულია, ჯარიმა და კომპანიის ლიკვიდაცია.

ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გულწრფელი პროტესტი გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 29 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ჩვენი სფეროსთვის რეკომენდაციებისა და რეგულაციების დადგენა უნდა მომხდარიყო, საორგანიზაციო ჯგუფები სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლების სტატუსით ვიყავით მიწვეულები.

ამასთან დავშირებით, მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია რუსთავი2-თან მიცემულ ინტერვიუში თავადვე უარყო მისი უწყების მიერ დეკლარირებული არგუმენტი და განაცხადა, რომ სინამდვილეში ჩვენი საქმიანობა აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა არ არის და მასიური დაჯარიმებების რეალური მიზეზი გარკვეული გადაცდომები იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები მოითხოვენ უფლებამოსილ უწყებებთან შეხვედრას, რათა მათთან ერთად, საბოლოოდ და მკაფიოდ განისაზღვროს ის რეგულაციები, რომელიც განურჩევლად იმუშავებს ქალაქში მიმდინარე ყველა ღონისძიებაზე და რომლის მიხედვითაც საქმიანობის განახლება შეეძლებათ არაუგვიანეს მომდევნო პარასკევისა.

„ჩვენი სფეროს სპეციფიკიდან გამოდინარე ივლისის ბოლო პერიოდის სათანადოდ ვერ გამოყენება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ამ სფეროში დასაქმებულ ათასობით ადამიანს. მოგეხსენებათ, რომ აგვისტო ამ თვალსაზრისით პასიური თვეა თბილისისათვის. მითუმეტეს როცა ხელისმომწერი ბარები, კლუბები და ფესტივალები ისედაც რთულ მდგომარეობაში ვართ. ჩვენს სფეროს სახელმწიფოსგან არ მიუღია ფინანსური დახმარება და საქმიანობის შეზღუდვის გაგრძელების შემთხვევაში რიგი დაწესებულებები გაქრობის წინაშე აღმოჩნდებიან. ათასობით თანამშრომელს კი ემუქრება სამსახურების დაკარგვა, რაც კიდევ უფრო დამძიმებს სოციალურ ფონს.

ჯერ კიდევ გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ იგი, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს:

Altervision Group

Baghi

Bauhaus Bar

Bassiani

Cafe Gallery

Ciskari

Colibri

Daisi

Dedaena Bar

Drama Bar

Khidi

Lisi Rest

Mtkvarze

Mzesumzira

Politika

Prince Bar

Success Bar

The Cultural and Creative Industries Union of Georgia

Tivi

Treeball

303 HZ

MIONI