საჭიროა არა მხოლოდ აგენტებად გამოცხადება, არამედ მათი დახურვა, აკრძალვა - მორგოშია

პუბლიკა

პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“/ ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია რუსულ კანონს მხარს უჭერს და აცხადებს, რომ „გავლენის აგენტებად“ გამოცხადება საკმარისი არ არის და საჭიროა ორგანიზაციების დახურვა, აკრძალვა.

„კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, სწორი და მისაღებია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს კანონი არ და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის სრულ ნებას. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება არ გახლავთ ამ ადამიანების მხოლოდ „გავლენის აგენტებად” გამოცხადება, ეს ყველასთვის ისედაც ცხადი და გასაგებია. საჭიროა ამ აგენტურისთვის უშუალოდ „საქმიანობაში” ხელის შეშლა, მათი დახურვა და აკრძალვა…“, – აცხადებს მორგოშია.


პრორუსული „ალტ-ინფო“ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორია. მოძრაობის ულტრამემარჯვენე წევრებმა და მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს, ასევე დაარბიეს ოფისები.

სწორედ 5 ივლისს, აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ „TV პირველის“ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას. ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შსს-ს მტკიცებით, გარდაცვალება ზედოზირებას უკავშირდება.

ძალადობრივი აქციის ორგანიზებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა.

2021 წლის 20 ნოემბერს „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა პარტია დააფუძნეს და აღნიშნეს – „მზად ვართ რუსეთთან პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დავამყაროთ“.

„ალტ-ინფოს“ წევრებს არაერთი ვიზიტი ჰქონდათ მოსკოვში, სადაც რუსეთის დუმის წევრებსაც შეხვდნენ.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით.


გუშინ, 2 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ.

კანონპროექტების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის გარეთ, პროტესტს გამოთქვამდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც პარლამენტის შენობაში. კომიტეტის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში ხელჩართული ჩხუბიც იყო. მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატები კომიტეტის ოთახიდან ძალის გამოყენებით გააძევეს.