საჭიროა გეგმა 12-პუნქტიანი მოთხოვნებისთვის. პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ ვერ გაგრძელდება - სამადაშვილი

პუბლიკა

„ლელო – საქართველოსთვის” მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და იმ მოთხოვნებს, რომელიც იქ არის დასახელებული, – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„კერძოდ, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება, დაეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ამის ერთადერთი გამოსავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა… [ამ მთავრობისთვის] მთავარი პრიორიტეტი იქნება 12 მთავარი მოთხოვნის განხორციელება და ამ მთავრობამ უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდგომში უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გაგრძელდება კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებთან, რათა შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად. მისივე თქმით, თუ „ოცნება”  ყოველივე ამას არ გაითვალისწინებს, „ლელოს”  პოზიციით, პარლამენტში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

„ნათელია, რომ საქართველოს პარლამენტში ჩვეულებრივ საქმიანობა აქ ვერ გაგრძელდება. საპარლამენტო საქმიანობა  მთლიანად უნდა იყოს აგებული ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის საქმიანობას არანაირი აზრი არ ექნება.

ამიტომ ჩვენ დავიწყეთ და ვაგრძელებთ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან, რომლებიც წარმოდგენილნი არიან პარლამენტში იმისთვის, რომ შეიქმნას საგანგებო დღის წესრიგი პარლამენტისთვის და დაუყოვნებლივ ჩვენ დავიყოთ იმ ინიციატივების გატარება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი შემდეგ ჯერზე მაინც.

ეს რა თქმა უნდა არის სინქრონიზებული იმ პროცესთან, რაც გუშინ დაანონსდა… თუ „ქართული ოცნება” არ აპირებს, რომ წამოვიდეს ამ დღის წესრიგით, „ლელოს” პოზიცია არის, რომ საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში საქართველოს პარლამენტში ვერ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს დღეს უკვე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა სამადაშვილმა.


24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.