საჭიროა კვლევა - ექიმები ოზონოთერაპიის მეთოდზე

პუბლიკა

რას ნიშნავს ოზონოთერაპია და როგორია ქართველი ექიმების შეფასებები Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებში ამ მეთოდით მკურნალობაზე? ექიმებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მათი თქმით, მკურნალობის ეს მეთოდი საჭიროებს კვლევას.

გუშინ, 25 აპრილს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის თემაზე ინფექციონისტების, რეანიმატოლოგებისა და სხვა ექიმების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს ოზონოთერაპიით მკურნალობის მეთოდზეც.

„საუბარი იყო ბათუმის გამოცდილებაზე, სადაც ამ დაავადების დროს ოზონოთერაპია გამოიყენეს. წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებული იყო. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ კარგ შემთხვევაში – მე-13 მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს, ხოლო ზოგს შეიძლება სულაც 2 თვის შემდეგ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, ოზონოთერაპიის დროს ადამიანის ორგანიზმში ხდება ოზონის (O3) შეყვანა სპეციალური მეთოდით.

„არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი „TV პირველთან“ აცხადებს, რომ ოზონოთერაპია სხვადასხვა დროს ბევრი დაავადების შემთხვევაში გამოიყენებოდა. მისი თქმით, ამ მეთოდით მკურნალობაზე გარკვეული ცნობები არსებობს რამდენიმე ქვეყნისგან კორონავირუსთან მიმართებაში.

ექიმი აცხადებს, რომ მკურნალობის ეს მეთოდი დამაიმედებელია და მისი კვლევა შესაძლებელია.

„ოზონოთერაპია ზოგადად იმუნომოდულატორია, სხვადასხვა დროს ბევრი დაავადების შემთხვევაში გამოიყენებოდა, ამჟამად ამ კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ გარკვეული ცნობები გვაქვს იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ასევე ჩინეთიდანაც, თუ არ ვცდები.  მათ აქვთ გარკევული დადებითი შედეგი.

ჩვენს შემთხვევაშიც, აი, ბათუმში გამოიყენეს სამ პაციენტთან. ერთთან 7 დღეში და მეორესთან 9 დღეში მოხდა ვირუსის გაქრობა და ასევე პნევმონიის ალაგება. რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი დინამიკა იყო პნევმონიის მხრივაც, რაც ძალიან დამაიმედებელია. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პაციენტთან უნდა გამოვიყენოთ, თუმცა კვლევა შესაძლებელია“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა-ინფექციონისტიმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ „TV პირველთან“ ოზონოთერაპიაზე ისაუბრა. მისი თქმით, საინტერესო მეთოდია ოზონოთერაპია, მაგრამ 3 პაციენტის დაჩქარებული განკურნება ცოტაა, საჭიროა კიდევ მეტი დაკვირვება და მკურნალობა.

„ძალიან საინტერესო მეთოდია ოზონოთერაპია, მაგრამ არ ვიცით როგორია ამ ვირუსთან მიმართებაში. 3 პაციენტის დაჩქარებული განკურნება ცოტაა ამ საქმეში. საჭიროა კიდევ მეტი დაკვირვება, კიდევ მეტი მუშაობა, კიდევ მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი. სამი ძალიან ცოტაა.

გუშინ ბატონმა თენგიზმაც გააჟღერა ჩვენთან კონფერენციაზე და თქვა, რომ ეს არის ინოვაციური მეთოდი და მას დაკვირვება, შემდგომი შესწავლა და თუ ივარგებს, გამოყენება სჭირდება, რა თქმა უნდა, თუ იქნება დადებითი ეფექტები. ჩვენც აუცილებლად ვისარგებლებთ ამ დამხმარე თერაპიით, თუ ის შევა სახელწიფო პროტოკოლში“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დორექტორმა ლალი ტურძელაძემ.

ოზონოთერაპიის შესახებ კითხვები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მოადგილეს პაატა იმნაძეს დღეს პრესკონფერენციაზე დაუსვეს. მისი თქმით, ამ კითხვაზე საპასუხოდ ის შესაბამისი რესპოდენტი არაა და ამ საკითხზე კომენტარი ინფექციონისტებმა უნდა გააკეთონ.