საჭიროა მისი დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზება სამოქალაქო, მესამე კლასის კლინიკაში - „დროა“ სააკაშვილზე

პუბლიკა

პარტია „ელენე ხოშტარია – დროა“ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 26 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ დროს უკიდურესად დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზება სამოქალაქო, მესამე კლასის კლინიკაში.

„2021 წლის 23 ოქტომბერს გამართულმა კონსილიუმმა დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მაღალი, მესამე კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გლდანის საპატიმროს საავადმყოფოს არ აქვს იმ ტიპის სამედიცინო აპარატურა და შესაძლებლობები, რაც შესაძლოა სააკაშვილის სამკურნალოდ გახდეს საჭირო“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც პარტია ამბობს, „„ქართულმა ოცნებამ“, ნაცვლად პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ბინძური, ცილისმწამებლური და ცინიკური განცხადებები გააკეთა სახალხო დამცველის მისამართით და გამორიცხა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა“.

„ხელისუფლება იტყუება, როდესაც ამბობს, რომ პატიმრების სამკურნალოდ მხოლოდ ციხის საავადმყოფო განიხილება. 2020 წელს 585 პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო ჰოსპიტალში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახეზეა „ქართული ოცნების“ პირადი ანგარიშწორება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის მისი პრივილეგია, არამედ პირიქით – მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირადი შურისძიება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„დროა“ ამბობს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა და განწყობებისა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშწორება, უარი ვთქვათ ერთმანეთის განადგურებასა და ზიზღის პოლიტიკაზე, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს.

მათივე თქმით, მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, თითოეული ადამიანი იმსახურებს ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლების დაცვასა და უფლებას, წარდგეს სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე. 

„ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაცული იყოს პატიმრის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება“, – წერია „დროას“ განცხადებაში.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა და ნებისმიერ დროს შესაძლოა ისე დამძიმდეს, რომ ექიმების სასწრაფო ჩარევა გახდეს საჭირო.

სააკაშვილის ადვოკატმა გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მესამე პრეზიდენტს გუშინ ექიმების დახმარება დასჭირდა, რადგან მისი სასიცოცხლო მაჩვენებლებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა.