საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა - მაია ბუწაშვილი

პუბლიკა

ინფექციონსიტის, მაია ბუწაშვილის თქმით, სამუშაო ადგილებზე ხალხის დაბრუნებასთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საჭიროებაც დადგა. ადამიანებს გადაადგილებაში პრობლემა ექმნებათ, ხოლო რადგან კორონავირუსის გავრცელების ტემპმა ძალიან იკლო, მისი თქმით, არ არის ცხადი, რატომ ჭიანურდება ტრანსპორტის აღდგენაც.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენა საკმაოდ რთულად გადასაწყვეტი თემაა. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ მაინც გადასადგმელია ეს ნაბიჯი. ყველას გაცნობიერებული აქვს რისკები, მაგრამ თუნდაც აჭარაში რისი მოლოდინია, რა შეიცვლება 2-3 კვირაში ნაკლებად წარმოსადგენია. ამიტომ ნაკლებად უნდა ვაწვალოთ ადამიანები, რომლებიც მართლაც ძალიან წვალობენ ტრანსპორტის არარსებობის გამო. სამუშაო ადგილებზე დაბრუნდა ხალხის დიდი ნაწილი და მათთვის გადაადგილება არის უდიდესი პრობლემა. ამიტომ ალბათ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ცხადია, სიფრთხილის წესების დაცვით, ესეც რთულია, მაგრამ მუნიციპალიტეტებს ამაზე უნდა ეზრუნათ.

როცა გაიხსნა სამუშაო ადგილები და ადამიანებს დასჭირდათ ქალაქში გადაადგლება, ამასთან ერთად ტრანსპორტიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რადგან სხვანაირად გადაადგილება არის ურთულესი. სანამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სახლში იყო, ეს ახსნადი იყო. ამითაც ვზღუდავდით გადაადგილებას, რომ არააუცილებელი მოძრაობა შეგვეზღუდა. მაგრამ ამჟამად უკვე აუცილებლად სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს გადაადგილება, ძალიან ბევრი სამსახური გაიხსნა და მათ სჭირდებათ დანიშნულების ადგილზე მისვლა“, – თქვა მაია ბუწაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

ბუწაშვილის თქმით, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით, საქართველოს საუკეთესო პერიოდი აქვს, თუმცა, კორონავირუსი მცირედით მაინც კიდევ დიდ ხანს დარჩება. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, შეყოვნდება თუ არა კიდევ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის აღდგენა.

„ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ველოდებით 0-ს და მერე გავხსნით ყველაფერს, მაღალი ალბათობით ეს ასე არ იქნება. კორონავირუსი არსად არ გამქრალა, ის ისევ არის ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ რაც შეეხება ციფრებს, ჩვენ ახლა გვაქვს საუკეთესო პერიოდი. ამიტომ ახლა გავხსნით საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ივნისში თუ ივლისში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს“, – დასძენს ბუწაშვილი.