ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს. ზურაბიშვილი წერს, რომ ცხრა თვის წინ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების შეწყალებით მისთვის „უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება“ მიიღო, რათა პოლიტიკური კრიზისი განემუხტა.
თუმცა, ზურაბიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში ისევ იზრდება პოლარიზაცია და დაპირისპირება, რაც მისი თქმით, ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებამ გამოიწვია და პოლიტიკური ძალების ნაწილი ქვყენის დესტაბილიზაციას ისახვენ მიზნად.
„ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.
ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები. დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია!
ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის განცხადებით, მან დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაც გამართა და დეტალურად განიხილა შექმნილი ვითარება. ზურაბიშვილი წერს, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი.
„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.
მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება.
ვიმედოვნებ, პრემიერმინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია“, – აცხადებს პრეზიდენტი.
გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დღეს კი, პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კი გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან რამდენიმე საათში შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, რომელიც 2013-2015 წლებსი ერთხელ უკვე იყო პრემიერ-მინისტრი.