„საჭიროა სწორი მოლოდინის შექმნა, ფეხბურთელებისთვის არ უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური წნეხი“ - „ლანჩხუთი“ შვედებთან მატჩის წინ

პუბლიკა

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ შვედურ „როსენგარდთან“ მატჩის წინ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინის შექმნა, რათა ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური წნეხი არ გაძლიერდეს.

მათი თქმით, შვედური გუნდი ბევრად გამოცდილი და წარმოატებულია, ვიდრე „ლანჩხუთი“, თუმცა პირობას დებენ, რომ მატჩში შესაძლებლობის მაქსიმუმს ჩადებენ.

„და წინ ისევ ბრძოლა გველის… ძალიან კარგად გვესმის ჩვენი გულშემატკივრების მოლოდინი, რომ გუნდი გააგრძელებს წინსვლას ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე. ჩვენი სურვილი და მიზანიც სრულ თანხვედრაშია გულშემატკივრების განწყობებთან.

თუმცა, მიგვაჩნია, რომ საჭიროა სწორი მოლოდინების შექმნა. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელებისთვის არ უნდა შეიქმნას დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხი ამ ისტორიული მატჩების წინ.

დღეის მდგომარეობით, ქალთა ფეხბურთის განვითარების მხრივ, შვედეთი გაცილებით წინ არის საქართველოზე. შედარებისთვის, ჩვენი მეტოქე გუნდი 1970 წელს არის დაფუძნებული და არსებობის 50-წლიან ისტორიას ითვლის, ეს მაშინ როცა საქართველოში ქალთა შორის რეგულარული ჩემპიონატი სულ რაღაც მეხუთე წელია ტარდება.

შვედეთის ეროვნული ნაკრები, რომელშიც ამჟამად როსენგარდის 6 ფეხბურთელი ასპარეზობს, რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ტურნირებზე, არის ევროპის 1984 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2003 წლის ვიცე-ჩემპიონი.

ჩვენ არ ვიქმნით წინასწარ ალიბს, უბრალოდ, ჩავთვალეთ, რომ ობიექტურად უნდა შევხედოთ შექმნილ გარემოებებს. ცხადია, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ღირსეულად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ. არც ერთ წინა შეხვედრაში არ ვყოფილვართ ფავორიტები, არც ახლა ვიქნებით, არა უშავს; ამ როლს შეჩვეულები ვართ, მთავარია შედეგი! გმადლობთ გულშემატკივრობისთვის!“, – წერია განცხადებაში.

ქსკ „ლანჩხუთსა“ და შვედეთის „როსენგარდს“ შორის უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი 9 დეკემბერს თბილისში 14:00-ზე გაიმართება. მეორე თამაშს კი უკვე შვედები უმასპინძლებენ. ორი თამაშის ჯამით გადაწყდება, ვინ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე.

ქართულმა კლუბმმა ფინალური ეტაპის საგზური რუმინული „ოლიპია კლუჟის“ დამარცხებით მოიპოვა და ისტორია დაწერა. ქსკ „ლანჩხუთი“ საქართველოს ისტორიაში პირველი საფეხბურთო გუნდია, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე თამაშობს.