საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს ვერტმფრენითაც გადავიყვანთ მე-18 დაწესებულებაში - მინისტრი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა დღეს გავრცელებული ინფორმაციისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანისთვის ხელის შეშლას ეხებოდა. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ვერტმფრენითაც გადაიყვანენ გლდანის მე-18 დაწესებულებაში.

„ჩვენი მთავარი ამოსავალი პრინციპია, რომ ყველა პატიმრის უსაფრთხოება იყოს სათანადო დონეზე დაცული და თუკი იქნება მიღებული გადაწყუვეტილება, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში ის უნდა გადავიყვანოთ მე-18 დაწესებულებაში, თუკი ვინმე შეეცდება, რომ ხელი შეუშალოს, აქვე მინდა გავაფრთხილო, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი. თუკი ამის საჭიროება დადგა, ჩვენ ვერაფერი ვერ შეგვაფერხებს, მათ შორის ვერტმფრენითაც იქნება გადაყვანილი მე-18 დაწესებულებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე „მტკნარი სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მკურნალობა.

„მას არ შეუწყვეტია მკურნალობა, ის იღებს – აბი იქნება, სხვადსხვა სითხე თუ მედიკამენტი, რაც არის აუციელბელი მისი მკურნალობისთვის. ეს არის დიდი ტყუილი, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საკუთარი ამომრჩეველი […] აქ არის გარკვეული ვიტამინები, რასაც ექიმებმა გაუწიეს რეკომენდაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. ასევე სხვადასხვა სახის სითხეები, რომელიც შეიცვას გარკვეული ტიპის დანამატებს. სამკურნალო ტიპის სითხეები“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, შიმშილობის პერიოდში ექსპრეზიდენტს არცერთხელ არ უთქვამს უარი სამედიცინო ჩარევაზე.

„არცერთხელ არ ყოფილა ამაზე საუბარი, დღეს იყო საუბარი და შემდეგ, როგორც გითხარით, ძალიან მალევე გაგრძელდა. ეს არის საზოგადოების მოტყუების უბადრუკი მცდელობა“, – თქვა მინისტრმა.

„ღამის კურიერის“ ეთერში იუსტიციის მინისტრის ამ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ უპასუხა:

„მიხეილ სააკაშვილმა როდესაც შიმშილობა გამოაცხადა, კონსილიუმის შეკრებამდე გავიდა დაახლოებით 2-კვირიანი ვადა, ამ პერიოდში მას სამედიცინო დანიშნულებით სითხეები არ მიუღია და არ იყო პრეპარატები დანიშნული კონსილიუმის შეკრებამდე, თვითონ ადასტურებენ ამას. ამის შემდეგ ჩვენ ღიადაც განვაცხადეთ და არც დაგვიმალავს, რომ კონსილიუმის რჩევების შესაბამისად ხდებოდა სამედიცინო თვალსაზრისით გადასხმების გაკეთება და ა.შ. ეს არის შიმშილობის ჩვეულებრივი ფორმა, ასე მიმდინარეობს ხოლმე შიმშილობა. ამის შემდეგ ადვოკატთან კომუნიკაციის შეზღუდვას ჰქონდა ადგილი, როდესაც პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა აიკრძალა – იქ ბადეები გაიბა და ა.შ., მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღარ მიიღებდა ექიმების არანაირ მომსახურებას, მათ შორის, უარს ამბობდა ანალიზების ჩაბარებაზე. ამან გასტანა დაახლოებით დღენახევარ-ორი დღე. ამის შემდეგ ეს პრობლემა გადაიჭრა და მოგვეცა ადვოკატებს კანონიერი უფლებების გახორციელების საშუალება და ამის შემდეგ, დღეს გაკეთდა განცხადება, რომ მეორე ტურამდე იყო მნიშვნელოვანი მისთვის სამედიცინო მომსახურების მიღება, რომ ყოფილიყო ქმედითი და ამის შემდეგ შეწყვეტდა სამედიცინო მომსახურების მიღებას და ამის შემდეგ ვიგებთ მინისტრისგან, რომ დღესაც ჰქონდა ადგილი სამედიცინო ჩარევას. მე ახლა არ მინდა, რომ რაღაც სპეკულაციებში გადავიდე, თუ ამას აცხადებს რატი ბრეგაძე, ალბათ, რაღაც საფუძვლები აქვს, თუმცა დღეს ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ, მნახველებიდან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილი 6 საათამდე გვენახა. ამიტომ დაზუსტებით არ შემიძლია გითხრათ – ეს იყო შიმშილობასთან დაკავშირებული დანიშნულების – გადასხმის ან სითხის მიღება, თუ ეს იყო ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან დაკავშირებული“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.