2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი დისბალანსისა და ოქმების გადასწორების გამო „სამართლიანმა არჩევნებმა“ 44 საოლქო საარჩევნო კომისიას 162 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის (შედეგების გადათვლის) მოთხოვნით მიმართა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საჩივრების უმრავლესობა უსაფუძვლობის მიზეზით არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა არგუმენტით, რომ საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შეტანილი.
ISFED-ის მიხედვით, გასაჩივრებული 162 საარჩევნო უბნიდან საოლქო საარჩევნო კომისიებმა მხოლოდ 10 საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო მასალები გადათვალეს, მათ შორის:
- სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადათვალა #06.97 უბნის შედეგები, სადაც გამოვლინდა სხვაობა კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებსა და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ მონაცემებს შორის. საგულისხმოა, რომ სამგორის სხვა ორი უბნის გადათვლასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიამ ორგანიზაციის საჩივრები მომდევნო დღეს უსაფუძვლობის გამო აღარ დააკმაყოფილა.
- ხელვაჩაურის საარჩევნო კომისიამ, ხულოს 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის მოთხოვნიდან მხოლოდ 2 დააკმაყოფილა (30.84.25 აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული და 84.36 საქართველოს პარლამენტის პროპორციული), თუმცა შედეგები არა სრულად, არამედ მხოლოდ იმ მონაცემების ნაწილში გადათვალა, რაც გადასწორებული იყო შემაჯამებელ ოქმში. დანარჩენი ორი უბნის შემთხვევაში მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
- გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის მოთხოვნიდან, 1 (15.32.04 მაჟორიტარული) დააკმაყოფილა. დათვლისას გამოვლინდა, რომ 2 ბათილი ბიულეტენი მითვლილი იყო მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ნამდვილ ხმებში.
- თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ ახმეტის (10.18.20; 10.18.26), ყვარლის (10.16.18) და თელავის (17.40) საარჩევნო უბნების გადათვლის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჯამში ოთხი საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა.
- ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ 13 უბნის გადათვლის მოთხოვნიდან მხოლოდ 1 (28.79.19 საქართველოს პარლამენტის პროპორციული) დააკმაყოფილა, სადაც აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები ყველა სახის არჩევნებში (საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული) დაჯამებული და ასახული იყო საქართველოს პარლამენტის პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში, რამაც მაღალი დისბალანსი გამოიწვია.
- ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლის მოთხოვნიდან, მხოლოდ ერთი (30.83.23 მაჟორიტარული ოქმის შედეგები) დააკმაყოფილა, ამასთან პროპორციული შედეგების გადათვლაზე უარი განაცხადა. აღმოჩნდა, რომ ბათილი ბიულეტენები უფრო მეტია, ვიდრე ეს შემაჯამებელ ოქმში იყო მითითებული, თუმცა კომისიამ მიიჩნია, რომ ეს შედეგზე გავლენას არ მოახდენდა და შემაჯამებელი ოქმი თავისი შესწორების ოქმებით არ გააბათილა. ამომრჩეველთა ერთიანი სიები არ გადაუთვლიათ, შესაბამისად გაუგებარია, როგორ უნდა გაასწოროს კომისიამ დისბალანსი.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნა 7 საარჩევნო უბნის გადათვლის შესახებ განუხილველად დატოვა, თუმცა მომდევნო დღეს, საკუთარი ინიციატივით გადათვალა #23.59.102 საარჩევნო უბნის შედეგები. მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიამ სანამ საჩივრების განხილვა დაიწყო, „სამართლიანი არჩევნების“ 6 საარჩევნო უბნის გადათვლის მთხოვნიდან, საკუთარი ინციატივით განიხილა #01.01.18 უბნის შედეგები და უსაფუძვლობის არგუმენტით ორგანიზაციის საჩივარი აღარ დააკმაყოფილა. დანარჩენ საარჩევნო უბნებზე გადათვლა არ დაკმაყოფილდა.
„აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული მცირე დროიდან და შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ ვერ მოახერხა ყველა პრობლემურ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით საჩივრის წარდგენა. ამიტომ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ არაერთხელ მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას, გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და თავისი ინიციატივით, საჩივრების მიუხედავად, გადაეთვალა ყველა ის უბანი, სადაც პრობლემა დაფიქსირდა და კითხვის ნიშნები არსებობდა.
საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ტენდეციის სახე ჰქონდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დაშვებული შეცდომების/უზუსტობების (დისბალანსი, მონაცემების გადასწორება, საჭირო რეკვიზირების დანაკლისი) გასასწორებლად, შესწორების ოქმების შედგენას საოლქო საარჩევნო კომისიებში. ეს პროცესი, ძირითადად, კენჭისყრის მეორე დღეს მიმდინარეობდა“, – ამბობენ ორგანიზაციაში.
ვრცლად ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე: https://bit.ly/3kbIjdM