საჩხერე-რაჭის გზაზე მიწის ჩამოშლის შესახებ მედიაში გავცელებულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა. შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული“, – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში.
„გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრზეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე. ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – აცხადებს გზების დეპარტამენტი.