საჩხერეში სასწრაფო დახმარების ცენტრის 24 თანამშრომელი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ინფორმაციას ჟურნალისტებთან ადასტურებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძე. მისი თქმით, საჩხერის კლინიკაში სულ 180 პაციენტი მკურნალობს, რომელთა ნაწილი სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომელია.
„დღეისათვის ჩვენს კლინიკაში იმყოფება 180 დადასტურებული პაციენტი, გადიან მკურნალობას. მათ შორის 57 არის რეანიმაციულ განყოფილებაში, აქედან 3-ია კრიტიკული. ჩვენთან იმყოფებიან ასევე სასწრაფოს თანამშრომლები, 24 მათგანი დაინფიცირდა. ნაწილი ჩვენთანაა, ნაწილი ბინაზე განაგრძობს მკურნალობას“, – თქვა ქამუშაძემ.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 162 475-ს მიაღწია.
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 ადამიანი და დაღუპულთა რაოდენობა ჯამში 1 504-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი.