„საჩქარო არაფერია“ - მდინარაძე ე.წ. კარვების კანონზე ვეტოს დაძლევის შესახებ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „კარვების კანონის“ ამოქმედება საჩქარო აღარაა, რადგან „ერთი ათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი და ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვეღარ განახორციელებენ“.

„ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ვჩქარობდით [კანონის მიღებას], იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, მათ შორის, თქვენც ამაში დარწმუნდით, იტყვით თუ არა, მეორე საკითხია, როდესაც „კავნასის“ ლიდერების მირ ჩატარებული ტრენინგები ვნახეთ.

თუმცა, ვინაიდან ერთი ათად და არა ერთ ორად გაიზარდა, როგორც ყველა ვხვდებით და ვხედავთ, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, ესეიგი ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ადამიანები, ვინც ამას გეგმავდნენ და დღემდე ცდილობენ სხვათაშორის, ვერ განახორციელებენ, ამიტომაც საჩქარო არაფერია.

არ ვმალავთ ამას, მართლაც მიბმული იყო ამაზე, რადგან ნახევარზე მეტი, რაც სუსის ბრიფინგზე იყო მოტანილი, დადასტურდა ერთ კვირაში… მეორე ნაწილი ვერ განხორციელდება საბედნიეროდ, ჯერ ერთი იმიტომ, ამის ძალაც არ აქვთ, სულ რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ გადაწყვეტილებაც რადგან უკვე დიდი მოლოდინია, რომ მიღებული იქნება პოზიტიური და ამით ძალიან შეშფოთებულები არიან ჩვენი ძვირფასი ოპონენტები, ამიტომ ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც აღარ არის, მაგრამ ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ, კაცმა არ იცის. როცა იმაზეა საუბარი, რომ მაინც და მაინც უნდა დაუჭიროს ვიღაცამ მხარი იმას რომ აგერ კარვები დადგან რაღაცა მოტივით და რაღაცა ააფეთქონ ადამიანები, ეს მგონი, ყველას დასაპრევენცირებელია, არამხოლოდ ჩვენი, კანონმდებლების, თქვენც გაქვთ ვალდებულება, ამის პრევენციაზე იფიქროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, „რა ახდა სუს-ის ბრიფინგიდან“, მდინარაძე პასუხობს, რომ დადასტურდა ის, რომ „კანვასის“ ლიდერები ადამიანებს ატრენინგებდნენ.


„კარვების კანონს“ პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით:

  • მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი;
  • შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ:
  • საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.