საჩუქრები, სურსათი, სტიპენდია, უფასო სამედიცინო აქციები | ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები საიას ანგარიშში

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშში ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს.

„ლელო”

ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ „ლელოსთან“ საჯაროდ აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“ 2020 წლის 5 თებერვალს დაფუძნდა და საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში ეხმარება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლებს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, მარტოხელა მოხუცებს… ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე „ლელოს“ წევრი თეონა დოლენჯაშვილია. საიას დაკვირვებით, „მომო“ შეხვედრებზე ყვითელი ფერის ატრიბუტიკას იყენებს, მოსახლეობა და ორგანიზაცია კი სოცქსელში ხშირად უხდის მადლობას მამუკა ხაზარაძეს.

„კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას ეკრძალება სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისთვის საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს არაპირდაპირ გადასცა მატერიალური ფასეულობები.“, – წერს საია.

საიას ცნობით, ამავე ორგანიზაციამ 3 ივლისს 12 გალელ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა. ინიციატივის მიზეზად პანდემია და სოციალური სიდუხჭირე დასახელდა.

„კანონმდებლობით პარტიას ეკრძალება სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების გადაცემა.

…საიას სადამკვირვებლო მისიასთან ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ადასტურებს გალელების არჩევნებში მონაწილეობის ფაქტს. თავად „ლელოშივე“ აცხადებენ, რომ გალში ცხოვრობს 40 000-დან 55 000-მდე საქართველოს მოქალაქე.

შესაბამისად, პარტიის მიერ გალში მცხოვრებ ამომრჩევლებზე გაცემული ჰუმანიტარული დახმარება თუ ნებისმიერი, თუნდაც სასწავლო მიზნით (საკითხი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არიან თუ არა სტუდენტები საქართველოს მოქალაქეები, შესაბამისი ორგანოების მხრიდან დამატებით შესწავლას მოითხოვს), მატერიალური მხარდაჭერა ამომრჩეველთა მოსყიდვის შემადგენლობას ქმნის.

ევროპის საბჭოს რეკომენდაციები პირდაპირ მიუთითებს, რომ იძულებით გადაადგილებულები საარჩევნო პროცესის განმავლობაში დაცულნი უნდა იყვნენ მანიპულაციისგან. მანიპულაციის საფრთხე არსებობს არა მხოლოდ ამომრჩევლის დაშინების, არამედ პირიქით, სოციალური სარგებლის გადაცემით თუ დაპირებით, რადგან დიდია ალბათობა, რომ საარჩევნო სუბიექტისადმი მადლიერება პირმა საარჩევნო ყუთთან გამოხატოს“, – ამბობს საია.

საია სახელმწიფოს მოუწოდებს, საარჩევნო მანიპულაციისგან დაიცვას იძულებით გადაადგილებული პირები, მათი სტატუსიდან გამომდინარე.

„ქართული ოცნება“

ორგანიზაციის ცნობით, 2 ივლისს სენაკში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, გიორგი ვოლსკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

საიას მიაჩნია, რომ ამ აქციაში რამდენიმე პრობლემური გარემოება იკვეთება:

  1. „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლისთვის“ გაფორმებულია როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა მისი ლოგო ჰგავს „ქართული ოცნებისას“ და სახელიც აფილირებულია მმართველ პარტიასთან.
    „ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი ვოლსკის ქმედება ემსახურებოდა საქართველოს მოქალაქეების დაინტერესებას უფასო მომსახურების გაწევით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ დახმარება გაიცა ა(ა)იპ-ის მიერ, არსებული კონტექსტი ადრესატებს ბუნებრივად უჩენს განცდას, რომ დახმარებას იღებენ კონკრეტული პარტიისგან“, – წერს საია. პოლიტიკურ გაერთიანებას კი კანონმდებლობით ეკრძალება კანდიდატის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, უსასყიდლოდ მომსახურების მიწოდება. საიას შეფასებით, ეს შემთხვევა ამომრჩევლის მოსყიდვის მაგალითია.
  2. საიას თქმით, კიდევ ერთი პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან ისეთი აქტივობის მხარდაჭერაა, რომელიც ქველმოქმედების სახელით პარტიულ მიზნებს ემსახურება. ეს ეწინააღმდეგება პარტიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის მოთხოვნას.

საია საუბრობს კიდევ ერთ ფაქტზე, კერძოდ, ქობულეთში ერთ-ერთი მარკეტიდან გავრცელებულ ჩანაწერებში მოასხლეობა ამბობს, რომ ბოსტნეულს მმართველი პარტია არიგებს. მაღაზიის მეპატრონის თქმით, მას დაუკავშირდა ქობულეთის აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი და სასათბურე მეურნეობის პროდუქტების უფასოდ დარიგებაში დახმარება სთხოვა. როგორც ირკვევა, ეს მაღაზია ბოლო წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებს და კონკრეტულად ამ ღონისძიებისთვის ამუშავდა. პარტიას ეკრძალება სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მოქალაქისათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება. საიას მიაჩნია, რომ ეს ქმედება შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, დასადგენია, რამ გამოიწვია მოქალაქეების მიერ აღქმა, რომ პროდუქტებს მმართველი პარტია არიგებდა.

„პატრიოტთა ალიანსი“

საიას ანგარიშში მოხვდა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ სასურსათო კალათების დარიგების ფაქტიც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის დრამატული და თოჯინების თეატრების მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, ჯამში 77 ადამიანს, „კარფურისა“ და ირმა ინაშვილის სახელით სასურსათო კალათები დაურიგეს.

„კანონმდებლობის მიხედვით, პარტიას ეკრძალება წარმომადგენლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის მატერიალური ფასეულობების არაპირდაპირ გადაცემა. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის წევრმა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ეს წესი დაარღვია და ამომრჩეველი მოისყიდა“, – წერს საია.


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, წინანმდებარე ანგარიში მოიცავს 2020 წლის ივნისიდან აგვისტომდე გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ ქმედებებს, რომელიც თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ცუდი პრაქტიკაა და ამახინჯებს არჩევნებისწინა გარემოს.