„საცოდავია და თავისი პრობლემები აქვს“ - კობახიძემ ბერძენიშვილზე შეურაცხმყოფელად ისაუბრა

პუბლიკა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მას პროფესორ ლევან ბერძენიშვილის მიმართ წარმოებული სიძულვილის კამპანიის შესახებ დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მან ასევე სიძულვილის ენით უპასუხა.

ირაკლი კობახიძემ თავის შეფასებაში ლევან ბერძენიშვილის მიმართ დამაცირებელი და დისკრიმინაციული ლექსიკა გამოიყენა. მმისი თქმით, ის ოცი კაცი გუშინ ლევან ბერძენიშვილის სახლთან მართლაც რომ ყოფილიყო, მას ამის გადაღებას ვერავინ დაასწრებდა.

„ჯერ მე მგონი არც არავის უჩვენებია, ხო, ის ოცი კაცი.  რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცი არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენო და ისე იღიმოდნენო, რაღაც სისულელე თქვა, თვალებიდან ამოიკითხა, როგორც ჩანს, მათი ღიმილი, თან ღიმილი როგორი იყო ესეც დააკონკრეტა.

მარტივი სპეკულაციაა სინამდვილეში. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და, მე მგონი, ჯობია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს. მისი პრობლემა მაინც არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენად ის, რომ იღებს დაკვეთებს, ის არის უცხოელი აგენტი. იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს მათ შორის ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს.

ილია ჭავჭავაძეზე რა ილაპარაკა, გახსოვთ, ასევე, აკაკი წერეთელზე, ასევე დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ასევე თქვენ მოისმინეთ, რა ილაპარაკა მან ბიძინა ივანიშვილზეც – ცილისწამების მთელი კასკადი, სამარცხვინო ცილისწამების. მაგრამ ეს გასაკვირი არ არის. წარსულზე და ისტორიაზე ხაზის გადასმას ცდილობს და აწმყოზე რომ იმავეს აკეთებს, გასაკვირი არ არის.

საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი და ამას აქვს ორი მიზეზი – ერთი ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე – ეს არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.


პროფესორ ლევან ბერძენიშვილის თქმით, მის სახლთან გუშინ 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა. ის ამ დროს ლექციიდან ბრუნდებოდა. როგორც თავად ამბობს, ოჯახის წევრებმა ამის შესახებ შეატყობინეს და გზაში შეყოვნდა. ადგილზე პოლიცია ლევან ბერძენიშვილის ქალიშვილმა გამოიძახა. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ნიღბიანი პირები მის სახლთან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის მივიდნენ.