„პუბლიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ აპოლონ ქუთათელაძის ფერწერული ტილოები, რომელსაც თეა წულუკიანმა 22 სექტემბერს საპარლამენტო გამოსვლისას „გამქრალი“ უწოდა, ხელოვნების მუზეუმიდან 90-იან წლებში მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ გაიტანა. ფერწერული ტილოები, 1999 წელს, აპოლონ ქუთათელაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენისთვის გაიტანეს.
22 სექტემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მუზეუმებში ინვენტარიზაცია ჩაატარეს და „გამქრალი“ ფერწერული ტილოების ჩამონათვალი წაიკითხა. ფერწერული ტილოების სიაში აპოლონ ქუთათელაძის ტილოებიც ახსენა – „შემოდგომა გურიაში” და „შესვენება. ბალერინა”.
სექტემბრის გამოსვლიდან 5 თვეა გასული. დავინტერესდით, შედგა თუ არა ამ თემაზე კომუნიკაცია ყარამან ქუთათელაძესთან და რა გააკეთა სამინისტრომ ტილოების მუზეუმში დასაბრუნებლად. „პუბლიკა“ ყარამან ქუთათელაძეს და კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა.
ყარამან ქუთათელაძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ 90-იან წლებში ნახატები ნამდვილად მან გაიტანა მუზეუმიდან და დაკარგული არ არის.
„გამოფენაზე იყო წაღებული და მოსატანია, მეტი არაფერი. ოჯახშია და მუზეუმში წაიღებენ“.
შეკითხვაზე – ჩააყენეთ თუ არა კულტურის სამინისტრო საქმის კურსში ფერწერული ტილოების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით? – გვიპასუხა:
„აღარ მახსოვს, როდის იყო ეს გამოკითხვა. ეტყობა ინფორმაცია ვერ მიაწოდეს კარგად“ , – განგვიცხადა ყარამან ქუთათელაძემ. ყარამან ქუთათელაძე 2022 წლის 18 ნოემბერს სამხატვრო აკადემიის რექტორად აირჩიეს.
„პუბლიკა“ ასევე ეცადა კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას. ვკითხეთ ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, როცა „გამქრალი“ ექსპონატების სია შეადგინეს, სამინისტრომ რა გააკეთა აპოლონ ქუთათელაძის ფერწერული ტილოების მოსაძიებლად და ჰქონდათ თუ არა ყარამან ქუთათელაძესთან ამ საკითხზე კომუნიკაცია. უწყებამ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ექსპონატების „გაქრობაში“ წულუკიანი მუზეუმის ყოფილ თანამშრომლებს ადანაშაულებს. საჯარო გამოსვლებში ამბობს, რომ ისინი მუზეუმიდან გათავისუფლდნენ, რადგან „ვინც ვერ იცავს ექსპონატებს, ის ვერ მუშაობს მუზეუმში“.
ბრალდება „გამქრალ“ ექსპონატებზე
თეა წულუკიანმა გამინისტრებიდან მალევე დაიწყო საუბარი მუზეუმებიდან „გამქრალი“ ექსპონატებზე. სექტემბერში საპარლამენტო გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მუზეუმების გაერთიანებებში შემავალ მუზეუმში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს და ჯამში 2600-მდე ექსპონატი აღმოჩნდა დაკარგული. ინვენტარიზაცია ჩატარდა: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობით ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ – ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
„ინვენტარიზაციის შედეგები გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2600 ექსპონატი. ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ეს არის არაპირდაპირი პასუხი იმაზე, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი დღეს ყოფილის სტატუსით, ეს არის ერთ-ერთი ახსნა. როცა შენ გაბარია ექსპონატი და ვერ უვლი, როცა ამ ექსპონატს არ აქვს პასპორტი და როდესაც შენ 90 -იანი წლებიდან, 2010 წლიდან უცხოეთში გაგზავნილი გაქვს ფერწერული ტილო და არ ინტერესდები, სად არის ის, რასაკვირველია ასეთი ადამიანი ფონდში ვეღარ იმუშავებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
ე.წ. „გამქრალი“ ფერწერული ნამუშევრების დაბრუნების პროცესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე განცხადება აქვს გავრცელებული.
20 სექტემბერს გვამცნეს, რომ ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთვის 90-იან წლებში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული 6 ფერწერული ტილოდან 5 ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა. ასევე საბერძნეთის საელჩოდან დროებით გადაცემული 2 ფერწერული ტილო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.
მუზეუმიდან გათავისუფლებული ხელოვნებათმცოდნეები წულუკიანის ბრალდებებზე პასუხად ამბობდნენ, რომ საელჩოებში ფერწერული ტილოები ეროვნული გალერეიდან 1992 წლიდან 2005 წლამდე, ეროვნული მუზეუმის ჩამოყალიბებამდე გავიდა. მათი თქმით, საელჩოებსა და სხვა საჯარო, სახელმწიფო უწყებებში ნამუშევრების გამოფენა არის აპრობირებული პრაქტიკა და ამაში უცხო და ახალი არაფერია. ნინო ხუნდაძის თქმით, ეროვნულ გალერეაში შეჯერების პროცესი 2011-2012 წლებისთვის დასრულდა. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად 552 ექსპონატი მუზეუმში დაბრუნდა – საელჩოებიდან თუ მხატვრების ოჯახებიდან.
მათივე თქმით, მხატვრებს მუზეუმიდან თავიანთი ნახატები იქ არსებული მძიმე პირობების გამო ხშირად გაჰქონდათ. მხატვრების ნაწილს ნდობა გალერეის შენობის გარემონტების შემდეგ დაუბრუნდა და ნაწილმა ნამუშევრები დააბრუნა, თუმცა ნაწილს არ დაუბრუნებია.
„მუზეუმს ამ ხალხთან სამართლებრივი დავა არ წამოუწყია, იმიტომ, რომ შემოქმედი ხალხია. სამშობლოს წინაშე ამ ხალხს ძალიან დიდი ღვაწლი აქვს და არ დაგვიწყია სამართლის ენით ლაპარაკი. ვუკავშირდებოდით და ვცდილობდით, მშვიდობიანად მოგვეგვარებინა ეს საკითხები, რაც ხშირად წარმატებით სრულდებოდა“, – ამბობს ნინო ხუნდაძე „პუბლიკის“ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში. მასალა 2022 წლის აპრილში მომზადდა.