31 ოქტომბერს თბილისის საპატრიარქოს რეზიდენციაში სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომას 42 მღვდელმთავარი ესწრებოდა. მათ შორის მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.
2016 წელს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია პირადი თხოვნის საფუძველზე დატოვა. ის ეპარქიაში 21 წლის განმავლობაში მსახურობდა. თავად მიტროპოლიტი და საპატრიარქო ეპარქიის დატოვების კონკრეტულ მიზეზზე არ საუბრობდა.
თუმცა ეპარქიის დატოვების მიზეზებზე საუბრობდა ბორჯომის მრევლის ნაწილი. მათ სატელეფონო გზავნილების ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებიც, მათივე თქმით, მიტროპოლიტის არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის კავშირის მცდელობას ადასტურებდა.
გამოცემა „ნეტგაზეთი“, რომელიც მიტროპოლიტ სერაფიმეს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა, არასრულწლოვანი გოგოს ოჯახის წევრსაც ესაუბრა. ოჯახის წევრი მაშინ ამბობდა, რომ მათ ინფორმაცია მიაწოდეს საპატრიარქოს და მათგან რეაგირებას ელოდებოდნენ.
საპატრიარქოს კონკრეტულ რეაგირებას ელოდებოდნენ ოჯახის წევრები და მრევლის ნაწილი, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქო მიტროპოლიტის გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად დანიშვნას აპირებდა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში მომუშავე სასულიერო პირებმა პროტესტი გამოთქვეს და აცხადებდნენ, რომ იმ ბრალდებების გამო, რომლებიც მიტროპოლიტის მიმართ არსებობდა, არ სურდათ სერაფიმე გერმანიასა და ავსტრიის ეპარქიაში გაემწესებინათ.
ამ პროტესტის შემდეგ მიტროპოლიტმა სერაფიმემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მან უარი თქვა გერმანიაში გამგზავრებაზე.
2017 წლის 21 დეკემბერს ბორჯომში მრევლის ნაწილმა მიტროპოლიტის მხარდამჭერი აქცია გამართა და ეპარქიაში მის დაბრუნებას მოითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ მიტროპოლიტი ცილისწამების მსხვერპლია.
საპატრიარქო ამ საკითხზე განმარტებას კვლავ არ აკეთებდა, მხოლოდ 2017 წლის 11 ოქტომბრის სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს აღუდგა მღვდელმოქმედების უფლება და ის მამათა მონასტერში გამწესდა.
ვინ არის მიტროპოლიტი სერაფიმე?
საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, სერაფიმე ჯოჯუა ტიტულარული მიტროპოლიტი და სინოდის წევრია.
სერაფიმე ჯოჯუა პატრიარქმა ეპისკოპოსად 1995 წელს აკურთხა. კურთხევისას მან სიტყვა წარმოთქვა:
„როგორ წარმომიდგენია მე ეპისკოპოსად კურთხევა? პირველ რიგში ეპარქიაში მართლმადიდებლობის გავრცელება და ქადაგება, დაუღალავი შრომა; ეკლესიებისა და მონასტრების აღდგენისათვის დანარჩენ ღვთის მსახურებთან ერთად მოთმინებითა და სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა სამწყოსთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უქმად გატარებული ყოველი დღის გამო უფალი პასუხს მოგვთხოვს“.
2000 წელს სერაფიმე პატრიარქის კურთხევით მთავარეპისკოპოსი ხდება. 2017 წლის 25 დეკემბერს წმინდა გიორგის ორდენით ჯილდოვდება. 2009 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხი ენიჭება.
მიტროპოლიტ სერაფიმეს შესახებ მედიაში მხოლოდ სექსუალური ძალადობის მცდელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია იძებნება. ადგილობრივ მედიასთან, „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში მიტროპოლიტის მხარდამჭერი არქიმანდრიტი ფოკა უარყოფს არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ამბავს, მაგრამ ჰყვება, რომ მეუფე ძალიან კონტაქტური ადამიანია და მასთან ხშირად მოდიოდნენ ახალგაზრდა გოგონები.
„მეუფეს ძალიან ხალასი ხასიათი აქვს და კონტაქტური ადამიანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მიმართებაში. ამიტომ ხშირად მოდიოდნენ გოგოები, მით უმეტეს ზაფხულობით – სტუმრები, ტურისტები. ბუნებრივია, ყველა მრევლი არ იყო, მათ მოსწონდათ მეუფესთან საუბარი, შეკითხვების დასმა.
დაქალები შეიკრიბებოდნენ ხოლმე – ხუთი, ათი გოგო. ვინც მეუფეს ბუნებას იცნობს, ამაში ცუდს ვერაფერს დაინახავს, მაგრამ, განმკითხველმა თვალმა სხვანაირად დაინახა. ყველა ვერ გაგიგებს, შინაგანად შენ რას ფიქრობ, ვის რატომ ეცი პატივი, ან მანქანაში რატომ იჯექი ვიღაცასთან ერთად“, – ამბობდა „სამხრეთის კარიბჭესთან“ არქიმანდრიტი ფოკა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდბებდნენ საგამოძიებო ორგანოებს, ამ საკითხზე მოკვლევა დაეწყოთ, თუმცა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ მათთვის არავის მიუმართავს და გამოძიებას ვერ დაიწყებდნენ.
მოიკვლია თუ არა მიტროპოლიტ სერაფიმეს საქმე თავად საპატრიაქრომ? გადაამოწმა თუ არა ოჯახის მიერ მიწოდებული მტკიცებულებები? რას პასუხობს ბრალდებებს? – ამ კითხვებზე საპასუხოდ „პუბლიკა“ საპატრიარქოსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.