„სად არის ვაქცინა?“ | მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

„სად არის ვაქცინა?“, – ამ ლოზუნგით მთავრობის კანცელარიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა  და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ვაქცინაციის პროცესი სხვა ქვეყნებში დაწყებულია, საქართველოში კი ჯერ შემოტანილიც კი არ არის.

გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ისინი მთავრობას აიძულებენ, რომ ქვეყანაში ჩინური ვაქცინა არ შემოიტანონ.

„საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, სადაც ამათ შეიძლება რაიმე გააკეთონ, იმიტომ, რომ ხალხმა გაიღვიძა. ძილბურანში იყო. ნელ-ნელა იღვიძებს და ვაიძულებთ [მთავრობას], რომ არ შემოიტანონ ჩინური ვაქცინა. ჩინური ვაქცინის ერთადერთი პლიუსი არის ის, რომ დიდი ფული იშოვება ჩინურ ვაქცინაში. მას ვირუსთან ბრძოლა არ შეუძლია. მას შეუძლია, პირიქით, ვირუსის გავრცელება. მოუწევთ შემოიტანონ მაღალი დონის ვაქცინა – იქნება ეს კერძო კომპანიასთან თანამშრომლობით, თუ მის გარეშე“, – აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.

აქციის კიდევ ერთი წევრი, ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი, „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესის დაგვიანებაზე პასუხი ვინმემ უნდა აგოს:

„მოთხოვნა არის, რომ ვიღაცამ აგოს პასუხი. გვაჩვენონ რეალურად ის ღონისძიებები, თუ რას აკეთებენ იმისათვის, რა კეთდება, რომ დროულად დაიწყოს ეს პროცესები საქართველოში. პაუხისმგებელი პირები უნდა გამოიკვეთოს და უნდა აგონ პასუხი. არ შეიძლება რაღაცა გააკეთო ან ვერ გააკეთო, ძალიან ხშირად გააფუჭო და ამან ჩაიარონ ჩვეულებრივად“, – აღნიშნავს ვატო სურგულაძე.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მთავრობის არაპროფესიონალიზმის შედეგია ის, რომ ვაქცინა ქვეყანაში არაა შემოტანილი:

„მთავრობის ექსკლუზვმა, რომ შემოეტანა [ვაქცინა] ვერ და არ გაამართლა. მიზეზი არის ორი – არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა, ერთი მხრივ. და მეორე მხრივ, გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ ლობირებენ ჩინური ხაზის შემოტანას. ჩინური, რუსული და სხვა არაავტორიზებული ვაქცინები რომ არ შემოგვტენონ და უფრო კომპეტენტურად და პასუხისმგებლობით რომ მოიქცეს ხელისუფლება, ამისთვის ვართ დღეს აქ შეკრებილი“, – ამბობს ჩიხლაძე.